ღირსებით ევროპისკენო და ღირსებაც გადაავადეს 2028 წლამდე? - აქცია ბორჯომში
16:58 / 01.12.2024
ვგმობთ ძალადობას და საქართველოს ევროპული კურსიდან გადახვევას - ამბობენ ბორჯომში, სადაც სოლიდარობის აქცია გაიმართა. ქალაქის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტები, ახალგაზრდები, პედაგოგები, პენსიონერები და პოლიტიკური პარტიის წევრები შეიკრიბნენ და თბილისში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
აქციის გამართვის ინიციატივა ერთ-ერთ ადგილობრივს გიორგი ოგანესიანს ეკუთვნის. მან ადგილობრივებისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა.
„ამ ვიდეოს ვწერ ჩემი თანაქალაქელებისთვის და განსაკუთრებით ვწერ ჩემი მასწავლებლებისთვის. ბაღში, სკოლასა თუ რეპეტიტორების ასაკში, მასწავლიდნენ სამშობლოს სიყვარულს საკუთარი მაგალითებით. მათ შორის მათი ნაწილი 9 აპრილის მონაწილეები არიან. მათ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად უწევდათ ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვა. ისინი ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ღალატი და ორპირობა მიუღებელია. არაკაცური, არა ქრისტიანული და არა ადამიანური წაქცეულ ადამიანს შეეხო და დაარტყა“,- ამბობს გიორგი და მოქალაქეებს აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდა.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.