საზოგადოება
აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ და ბურთს თამაშობენ
საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს.
აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას.
„ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
პარალელურად ისმის შეძახილები: „დიპლომი ყაველაშვილს“, “მონებო“, „რუსებო“.
გარდა ამისა, მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო.
„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.
ასევე, მოქალაქეებს გამოფენილი აქვთ ბანერები სხვადასხვა წარწერით, მათ შორის: „კახი, აღიარე კრახი“.
გარდა ამისა, მოქალაქეებმა 9 აპრილის ქუჩაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საფეხბურთო მაისური მიიტანეს, რომელიც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დაწვეს.
მოქალაქეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან, ხოლო ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზე პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა დაიწყო.
პროცედურა პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს და პროცესს ცესკო უზრუნველყოფს.
პრეზიდენტის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილია მხოლოდ ერთი - მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა, რომელიც ქვეყნის რიგით მეექვსე და პირველი არაპირდაპირი წესით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაური იქნება.
გააზიარეთ :