საზოგადოება
ურავლის ხეობის სოფლებში დილიდან არ მოძრაობენ ავტობუსები
ძლიერი თოვისა და ქარის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლებთან დამაკავშირებელი გზები ჩაიკეტა. დილიდან სამგზავრო ავტობუსები არ მოძრაობს ურავლის ხეობის სოფლებში. ხუთზე მეტი სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია. ამ დროისათვის გზებზე იყრება ტექნიკური მარილი და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
უამინდობამ შეფერხება გამოიწვია სოფელ ზიკილიაშიც. ადგილობრივების თქმით, გასაწმენდი გზები და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ყოველ უამინდობაზე პრობლემებს ქმნის.
,,ესე იგი ზამთარში ქალაქში საქალაქო ტრანსპორტი არ ივლის. (ეს ჩემი აზრია, რადგან პატარა თოვლმა შეაშინათ და გააჩერეს ავტობუსები).
გზები რომ გაწმინდოთ ეს პრობლემა აღარ იქნება, მოსახლეობას ზამთარში უფრო სჭირდება ტრანსპორტი, ვიდრე ,,ზაფხულის კარგ ამინდებში" - წერს ნაზი ახალკაცი.
უამინდობამ ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას პრობლემები სხვა მხრივაც შეუქმნა. მეორე დღეა, დაახლოებით 10 სოფლის მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.უშუქოდა დარჩენილია ურავლის ხეობის სოფლები და სვირი-ანის დასახლება. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
გააზიარეთ :