საზოგადოება
შენობაში, სადაც აფეთქება მოხდა საგამოძიებო მოქმედებები ისევ მიმდინარეობს - რა ხდება ადგილზე
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე სუპერმარკეტ "სმარტის" შენობაში საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, დაკეტილია შენობაც. მიმდებარე ტერიტორიაზე კი "ენერგო -პრო-ჯორჯიას" თანამშრომლები არიან, რომლებიც დაზიანებულ ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენაზე მუშაობენ. მიმდებარე ქუჩას ელექტროენერგია არ მიეწოდება.

წუხელ გვიან ღამით, "სმარტში" მომხდარი აფეთქების შედეგად, შენობის უკანა ქუჩაზე ხუთამდე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ჩამსხვრეულია ფანჯრების მინები, ზოგიერთ მათგანში ჭერიც დაზიანდა.

იმის, გამო რომ ფანჯრის მინები სულ დამსხვრეული იყო, მერიამ ერთი ოჯახი სასტუმროში გადაიყვანა. რა ზარალი მიიღეს დანარჩენმა ოჯახებმა, მუნიციპალიტეტის გვითხრეს, რომ ჯერ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და სხვა დეტალები შემდეგ გაირკვევა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, სუპერმარკეტის შენობაში სავარაუდოდ გათბობის ქვაბი აფეთქდა, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის - 240​-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ სუპერმარკეტ "სმარტის" მეორე სართულზე აფეთქება წუხელ დაახლოებით 23:00 საათისთვის მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. თანამშრომლები შენობიდან უვნებლად გამოიყვანეს.


| Print |