საზოგადოება
მიწისძვრით დაზარალებულები ცენტრალური ხელისუფლების იმედად
20 იანვრის მიწისძვრით დაზიანებული შენობების შესაკეთებლად, ახალციხის მერია თანხას ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ამისთვის 20 000 ლარია საჭირო. დაზარალებულთა დახმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულ თანხას გამოყოფს.

მიწისძვრის შედეგები მერიის სპეციალურმა კომისიამ მეორე დღესვე შეისწავლა. მათი ინფორმაციით, შეკეთება ესაჭიროება სამ ორსართულიან კორპუსს, სადაც კედლები და კიბეებია დაზიანებული და ორი კერძო სახლს.

შეგახსენებთ, რომ 4,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 20 იანვარს მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ ახალციხის ჩრდილო–დასავლეთით, სოფელ ანის მიმდებარე ტერიტორია იყო. სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია, თუმცა კედლები, ჭერი დაიბზარა და ბათქაში ჩამოცვივდა რამდენიმე ადგილობრივის სახლში.

| Print |