ახალციხის მერია ხელოვნური ტბის მიმზიდველ ობიექტად გადაქცევას გეგმავს
23:27 / 13.02.2017
ახალციხის ხელოვნური ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია ერთ–ერთ მიმზიდველ ადგილად უნდა გადაიქცეს – ეს სიტყვები ქალაქის მერს ვლადიმერ ზედგინიძეს ეკუთვნის.
ობიექტის ტურიზმის ცენტრად გადაქცევაზე საუბრობდა ქალაქის პირველი მერი გიორგი კოპაძეც, თუმცა ტბაში თევზების გაშვებისა და ოთხი ნავის შეძენის გარდა, ობიექტს ამ დრომდე ახალი არაფერი შემატებია.
დაახლოებით, 60 000 ლარი დაჯდება ადმინისტრაციული შენობა, რომლის მშენებლობაც ქალაქის მერის გეგმით, ახალციხის ტბაზე მიმდინარე წლის გაზაფხულიდან აშენდება. ვლადიმერ ზედგინიძე თვლის, რომ ამ ადგილს გააჩნია პოტენციალი ტურისტებისთვის მიმზიდველ და კულტურულ ცენტრად იქცეს. ქალაქის პირველი პირი ამბობს, რომ ობიექტის განვითარებასთან დაკავშირებით ბევრი გეგმები აქვს.
ტბის მიმდებარედ, ერთ–ერთი ტერიტორია გაიყიდა "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში ყოფნის დროს, სადაც კერძო ინვესტორი ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებული, მთავალსართულიანი სასტუმროს მშენებლობას გეგმავდა. ყოფილი გამგებელი გელა დემეტრაძე აღნიშნავს, რომ 2012 წლის შემდეგ, ინვესტორმა გეგმები შეცვალა. "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის თქმით, მთავრობის ცვლილების შემდეგ, ტბაზე ართუ რაიმე შეიცვალა უკეთესობისკენ, არამედ პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა: მოუვლელობის გამო, ძვირადღირებული ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოვიდა.