საზოგადოება
სამშენებლო ნარჩენების ურნაში ჩაყრის გამო, მოქალაქეები დაჯარიმდებიან
მოქალაქეებს, რომლებიც სამშენებლო ნარჩენებს ბუნკერში ჩაყრიან – ქალაქ ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახური, 3 000 ლარამდე თანხით დააჯარიმებს. ქალაქის თვითმმართველობა, ურჩი პირების მიმართ, ზომების გამკაცრებას აპირებს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ის მოქალაქეებიც დაჯარიმდებიან, რომლებიც საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ხელოვნურად მოწყობილ ნაგავსაყრელზე დაყრიან.

აღნიშნულის შესახებ საკრებულოს სხდომაზე, შპს ,,კეთილმოწყობის’’ მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვის დროს ისაუბრეს. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ურნების 60% სწორედ სამშენებლო ნარჩენებისგანაა დაზიანებული.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ 2016 წლის მანძილზე, ნარჩენების გამო დაჯარიმებული მოქალაქეებისგან, ადგილობრივ ბიუჯეტში 18 000 ლარი შევიდა.

შპს "კეთილმოწყობას" ახალციხის ქუჩების დასუფთავება, ქალაქიდან ნარჩენების გატანა და გარე განათების ქსელის მომსახურება ევალება.

ამ ეტაპზე შპს–ს სამი სპეც–მანქანა და 217 კონტეინერი აქვს.

| Print |