საზოგადოება
ე.წ. "ჭიაკოკონობაზე" ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა 200-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მოსახლეობას ე.წ. "ჭიაკოკონობასთან" დაკავშირებით აფრთხილებს. უწყება საზოგადოებას მიმართავს, არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.

სამინისტროს ინფორმაციით, რეზინის საბურავების, ფოთლებისა და პლასტიკური მასალების დაწვისას გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ამ რიტუალში.

სახიფათოა რეზინის საბურავები, რომელიც უამრავ საშიშ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს. არსებული მონაცემებით, 1 ტონა რეზინის საბურავის ღია წესით დაწვისას ატმოსფეროში გამოიყოფა 270 კგ ჭვარტლი და 450 კგ სხვადასხვა ტოქსიკური აირი.

ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენების (მათ შორის, ფოთლების, საბურავების) ღია წესით დაწვა აკრძალულია და გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღნიშნულ ქმედებაზე მკაცრ კონტროლს დააწესებს და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს გაატარებს.

ე.წ. "ჭიაკოკონობა" საქართველოში, ტრადიციულად, აღდგომის წინა ოთხშაბათს იმართება. ამ დღესასწაულს ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. ტრადიციის წარმომავლობა წარმართულ პერიოდს უკავშირდება.

| Print |