საზოგადოება
დასაწყობებული კონტეინერები და გასაფორმებელი ნაგავმზიდები ახალციხეში
ქალაქის გარეუბნის მაცხოვრებლებმა დაპირებული ურნები ამ დრომდე ვერ მიიღეს. სამაგიეროდ ნაგვის ახალი, ასი კონტეინერი მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა დასაწყობებული. მერიაში ირწმუნებიან, რომ ურნები ქალაქის მასშტაბით ათ მაისამდე გადანაწილდება.

ურნები ერთი კვირაა ჩამოიტანეს, ხოლო ოთხი თვის წინ, სესხით შეძენილი ნაგავმზიდების გაფორმება 2 მაისს დაიწყეს. იანვარში შესყიდული ორი მანქანა 9 აპრილის ქუჩაზე, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე დგას. ქალაქს ამ დრომდე ისევ ძველი მანქანები ემსახურება.

ორი ნაგავმზიდისა და 100 ერთეული კონტეინერის შეძენა ახალციხის მერიას ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. ქალაქის თვითმმართველობის გარდა, ახალი მანქანები შეიძინა ახალციხის თემმაც, რომელიც ექსპლოატაციაში მალე შევიდა. ორივე მუნიციპალიტეტმა ამისთვის 10–წლიანი სესხი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან აიღო.

| Print |