საზოგადოება
დაპირება სამუშაოების განახლების სანაცვლოდ

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ხვალიდან მუშაობას განაახლებენ.

მუშებს დღეს, 5 მაისს კომპანია "ჩეილაბინსკ ტრანს სიგნალის" წარმომადგენლები შეხვდნენ და ახალი დაპირება მისცეს, რომ დავალიანება 17 მაისამდე დაერიცხებათ. მანამდე კი თანამშრომლები გზის დაგებას აღარ შეწყვეტენ.

იმ შემთხვევაში თუ მშენებლობა დასრულდება და სამი თვის ხელფასს კიდევ ვერ მიიღებენ, დასაქმებულები იმუქრებიან, რომ კომპანიას ტექნიკას არ გაატანენ.

"ბარიკადებს აღვმართავთ და ტექნიკას არ გავატანთ. ამინდებმა ხელი თუ არ შეგვიშალა, სამუშაოები 25 მაისს უნდა დასრულდეს. დაველოდებით, თუ არ ჩაგვერიცხა 17 მაისამდე, შესაბამის ზომებს მივიღებთ" – აცხადებს ერთ–ერთი თანამშრომელი.

კომპანიის წარმომადგენლები შეკრებილ თანამშრომლებს იქამდე არ შეხვდნენ, სანამ მედიის წარმომადგენლებმა, მუშების თხოვნით ტერიტორია არ დატოვეს.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების სახელფასო ანაზღაურებასთან დაკავშირებულ პრობლემას, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეხმაურება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ შპს "ჩელიაბინსკ ტრანს სიგნალი" დავალიანებას მომავალი კვირის ბოლომდე დაფარავს.

"კომპანიისგან ამის პირობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო. პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პრობლემას კონტრაქტორი კომპანია უახლოეს დღეებში გადაჭრის", - აცხადებენ დეპარტამენტში.

პროტესტის ნიშნად, 3 მაისს, 30–მდე მუშა ბათუმი–ახალციხის მაგისტრალზე შეიკრიბა. სამუშაოები არ გაგრძელებულა არც 4 და 5 მაისს.

8,5 კმ–იანი საავტომობილო გზის დასრულებამდე ერთკილომეტრიანი მონაკვეთია დარჩენილი.

 

 

| Print |