ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩის 17 ნომერში ვეტერანები ღია ცის ქვეშ დარჩენის მოლოდინში ცხოვრობენ. რამდენიმე დღეში მათ დაკავებული ფართი უნდა დაცალონ. უკანონოდ შეჭრილ ოთხ ოჯახს წასასვლელი არსად აქვს.
აგვისტოს ომის ვეტერანის გიორგი მიქელაძის ექვსსულიანი ოჯახი ერთ–ერთია იმ ოთხიდან, რომელიც ახალციხეში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში უკანოდ შეიჭრა. ვეტერანი ორ შვილთან, მეუღლესთან, დედასთან და დისშვილთან ერთად ორ ოთახში ცხოვრობს. პირობები გაუსაძლისია. არ არის ელექტროენერგია და სველი წერტილები. ამბობს, რომ წასასვლელი არსად აქვს. სასამართლო გადაწყვეტილებით კი შესახლებულებმა შენობა უნდა დაცალონ და ბაჟი თითოეულმა მათგანმა 120 ლარის ოდენობით გადაიხადოს. ოთხივე ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობს.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პეტრე იბერის 17 ნომერში მდებარე შენობიდან ოჯახების გამოსახლებისა და ბაჟის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება 19 აპრილს მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას არ აპირებენ ვეტერანები.
ადვოკატი სოსო ხითარიშვილი განმარტავს, რომ ვეტერანებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება კანონმდებლობით ეკისრებათ. უარის შემთხვევაში საქმე სააღმსრულებლო ბიუროს გადაეცემა, რომელიც მართლმსაჯულების ორგანოს გადაწყვეტილების აღსრულებას იძულებით უზრუნველყოფს.
ახალციხის მეშვიდე საჯარო სკოლა–პანსიონის ყოფილი შენობა სოციალურად დაუცველთა და ვეტერანთა ათმა ოჯახმა უკანონოდ, 2016 წლის სექტემბერში დაიკავა. მათმა ნაწილმა, შენობა საკუთარი სურვილით დატოვა. ამ დროისათვის აქ მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს. ვეტერანები აცხადებენ, რომ ვერც თანხას გადაიხდიან და ვერც შენობიდან გავლენ. იძულებით გასახლების შემთხვევაში კი ოთხივე ოჯახი ღია ცის ქვეშ რჩება.