საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის, ახალციხეში მზადება დაიწყო.
26 მაისს, ქალაქის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი.
ამ დღის აღნიშვნა, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბრძოლო ტექნიკის გამოფენით დაიწყება.
ახალციხის ციხეზე სპორტული და კულტურული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოეწყობა ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა;
ჭიდაობაში, ჭადრაკში, ნარდსა და მკლავჭიდში შეჯიბრებები მოეწყობა. გამარჯვებულებს ახალციხის მერია დააჯილდოვებს.
მოეწყობა თოჯინების თეატრის წარმოდგენა; მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ სახე მოიხატონ.
მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და სპორტული ცეკვების ანსამბლები წარსდგებიან.
დღის ბოლოს გალა–კონცერტი დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას რომან რცხილაძე და მისი ბენდი, ანსამბლები "გორდელა" და "მეტეხი" მიიღებენ.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ახალციხის ციხეზე საქართველოს ჰიმნითა და ფოიერვერკით დასრულდება.
26 მაისის ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მათზე 48 500 ლარი დაიხარჯება.