უკანონოდ მოჭრილი ხეები და ბრაკონიერობაში დადანაშაულებული რეინჯერები
21:38 / 01.06.2017
ბრაკონიერი, რომელმაც 20–მდე კუბური მეტრი ფიჭვი უნებართვოდ მოჭრა, სავარაუდოდ დაღამებას ელის, რომ ხეები შინ წაიღოს.
სოფელ წარბასთუმანთან ახლოს, ადგილობრივ ზაურ ზეინკლიშვილთან ერთად, უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი, ორ ადგილას ვნახეთ. ადგილობრივის თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე გასატანად გამზადებული ხე–ტყე, კიდევ რამდენიმე ადგილასაა დასაწყობებული. ზეინკლიშვილი ირწმუნება, რომ ბრაკონიერობის შესახებ ინფორმაცია აქვთ რეინჯერებსა და სატყეო უბნის უფროსს.
მას შემდეგ, რაც "მე–9 არხმა" უკანონოდ მოჭრილი წიწვოვანი ხეები გადაიღო და ფაქტის შესახებ სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს შეატყობინა, ადგილზე სპეციალისტები გავიდნენ. მათ უნდა გაარკვიონ – ვის ეკუთვნის ორ ადგილზე დამალული სამასალე მერქანი და რატომ აღმოაჩინა ის რეინჯერებზე ადრე, ადგილობრივმა მოსახლეობამ და მედიამ.
ზაურ ზეინკლიშვილი დარწმუნებულია, რომ ბრაკონიერებს სატყეო სამსახურის თანამშრომლები მფარველობენ, ამიტომ უწყება დეტალებს არ მოიკვლევს.