საზოგადოება
დავით ფეიქრიშვილი: ,,ცოცხალ გმირებსაც სჭირდებათ პატივისცემა"
165 დაღუპული სამხედრო, მათ შორის 7 ახალციხიდან - აგვისტოს ომის გმირები ახალციხეში გაიხსენეს.

რამაზ ალავიძე ერთერთია მათ შორის, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომში მეგობრები დაკარგა და თავადაც მძიმედ დაიჭრა. ,,მეცხრე არხი"–ს ოპერატორი, აგვისტოს ომის დროს, მესამე ქვეითი ბრიგადის 34 –ე სატანკო ბატალიონში მსახურობდა. ბრძოლების ქარტეხილი ეგრეთ წოდებულ ერგნეთის ბაზრობასთან გადაიტანა. ომიდან ცხრა წლის თავზე ამბობს, რომ მისი ერთადერთი სურვილი დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაა.

რამაზის მსგავსად 2008 წლის აგვისტოს ომს ტკივილის გარეშე ვერ იხსენებს ომარ მელიქიძე. მან მეგობრებთან ერთად ბრძოლაში ფეხიც დაკარგა. აგვისტოს ომის ცოცხალი გმირი ოჯახს დღეს ტაქსისტობით არჩენს. ცოტას საუბრობს და ყველაფრის მიუხედავად, ომში მონაწილეობას მაინც არ ნანობს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს დავით ფეიქრიშვილს საინჟინრო მესანგრეთა ბრიგადის მთავარი ექიმის პოსტი ეკავა. ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთიდან სამშობლოს დასაცავად თავი შვიდმა სამხედრომ გაწირა. დღეს უკვე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოს უფროსი ხელისუფლებისგან და საზოგადოებისგან ცოცხალი გმირების მეტ პატივისცემას ითხოვს.

აგვისტოს ხუთდღიან ომში სულ 165 სამხედრო პირი დაიღუპა, მათ შორის 7 სამცხე–ჯავახეთიდან. დაღუპული გმირების უკვდავსაყოფად ღონისძიებები ჩატარდა რეგიონში. მხარის გუბერნატორის განმარტებით, იმ ოთხივე მუნიციპალიტეტში გაიმართა მსვლელობა, რომელი მუნიციპალიტეტებიდანაც ჯარისკაცები დაიღუპნენ.

| Print |