,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩეველის ფორმირების“
პროექტის ფარგლებში, 10 აგვისტოს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ტრენინგი ჩატარდა. პროექტი საარჩევნო და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას ითვალისწინებს. ტრენინგების ინტენსიური ჩატარება ქალების აქტივობის ამაღლებასა და მათი კვალიფიკაციის გაზრდას ემსახურება – განმარტავს პროექტის კოორდინატორი მარიამ ჯაყელი.
,,პროექტი გულისხმობს ქალი ამომრჩევლებისთვის ტრენინგების ჩატარებას, როგორც თვითმართველობის არჩევნების თემაზე ასევე ქალთა უფლებებზე. პირველი შეხვედრა ამ ტრენინგების ციკლისა ჩატარდა ახალციხეში, რომელიც ეხებოდა უშუალოდ არჩევნებს, აქტიურ მოქალაქეობას და ასევე საუბარი იყო კონკრეტულად 2017 წლის თვითმართველობის არჩევნებზე. ახალციხეში კიდევ 3 შეხვედრა გვექნება“.
პროექტის მიხედვით, ახალციხეში სულ ოთხი ერთდღიანი შეხვედრა გაიმართება, სადაც საქართველოს ქალები სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებსა და ზოგადად პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები ჩაატარდება ახალქალაქსა და მარნეულშიც. ახალციხეში კი, ბოლო შეხვედრა პროექტის ფარგლებში ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება.
ქალთა მონაწილეობისა და მათი როლის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ მნიშვნელოვნად მიაჩნია პროექტის ტრენერს. ლაშა მელაძის აზრით, მსგავს პროექტებში მონაწილეობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩეველის ფორმირება“ ,,აღმოსავლეთ დასავლეთის ინსტიტუტის" ექსესის პროექტის ფარგლებში USAID ის დაფინანსებით ხორციელდება.