საზოგადოება
ქალაქ ახალციხესა და სოფლებში, ომში დაღუპულთა მემორიალი და სკვერები მოეწყობა
აფხაზეთის ომის დაწყებიდან, 25 წელი გავიდა. ეს დღე ახალციხეშიც გაიხსენეს. ომში დაღუპულთა მემორიალი ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, გვირგვინებით შეამკეს.

ახალციხის მერიამ ომის ექვს მონაწილეს, ერთჯერადად, ფულადი თანხა გადასცა. ვლადიმერ ზედგინიძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება 6 000 ლარად, ომში დაღუპული მეომრების სახელზე, ცენტრალურ პარკში ობელისკის აშენებას აპირებს. ახალციხის 4 სოფელში კი სამშობლოსთვის თავდადებულთა სახელობის სკვერები მოეწყობა.

აფხაზეთის ომში სამცხე–ჯავახეთიდან 800 კაცი მონაწილეობდა, აქედან 16 მებრძოლი დაიღუპა.

ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. შეტაკებები საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის 13 თვე გაგრძელდა. ომი აფხაზეთის დაცემით – 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა.

კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 30,000-მდე ეთნიკური ქართველი, 250,000-ზე მეტი ადამიანი კი აფხაზეთიდან ლტოლვილი გახდა. მოკლული იქნა 4,000-მდე აფხაზი, 20,000 ადგილობრივი კი ლტოლვილად იქცა.

| Print |