ხანძრის ლოკალიზებას ვერტმფრენი, 200 მეხანძრე და მოხალისეები ცდილობენ
შსს–ს ვერტმფრენმა, სოფელ დაბასთან, ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები 06:00 საათზე განაახლა.
ხანძრის კერებს ებრძვის 200–მდე მეხანძრე–მაშველი, რომელთა მობილიზება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან წუხელ მოხდა. ისინი ცეცხლის ჩაქრობას მთელი ღამის განმავლობაში ხელით ცდილობდნენ.
მაშველებს უკვე შეუერთდა ტექნიკა, რომელიც ხანძარს მეორე მხრიდან, სოფელ ყვიბისიდან აქრობს. სახანძრო მანქანებისთვის გზის გასაყვანად, მძიმე ტექნიკა წუხელ, გვიანობამდე მუშაობდა.
მეხანძრეებს თხრილების გავლებასა და ცეცხლის კერების ლოკალიზებაში ეხმარებიან ადგილობრივები და მოხალისეები.
ეროვნულ სატყეო საგენტოში ვარაუდობენ, რომ ხანძრის ლოკალიზება დღის მეორე ნახევრისთვის მოხერხდება.
სოფელ დაბასთან ტყის მასივი მეორე დღეა იწვის. ამ ეტაპზე, სავარაუდოდ 2 ჰა–ზე მეტი ტერიტორიაა გადამწვარი.