ბორჯომში ხანძრის ქრობის სამუშაოები განახლდა
ბორჯომის ხეობაში ავიაციამ მუშაობა განაახლა.
ადგილზე ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი და ერთი თურქული სამაშველო თვითმფრინავი მუშაობს. მათ დღესვე შეუერთდება ვერტმფრენი ბელორუსიდან.
სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან 70-70 მაღალკვალიფიციური მაშველი და მათივე ტექნიკა. სომხეთმა ცოცხალი ძალის გარდა საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო–სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანაც გამოყო.
ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.
ამჟამად ბორჯომში მობილიზებულია 700 ადამიანი. ადგილზე 50-მდე სახანძრო ტექნიკა მუშაობს. სამუშაოებში ჩართულია მძიმე ტექნიკაც.
ბორჯომის ხეობაში დღეს სასულიერო პირებს ელიან, რომლებიც პარაკლისს აღავლენენ.
სოფელ დაბასთან საქართველოს პრეზიდენტიც ჩავა. გიორგი მარგველაშვილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაათვალიერებს და ადგილზე არსებულ სიტუაციას პირადად გაეცნობა.
სინოპტიკოსის პროგნოზით, ბორჯომის ხეობაში, დღის მეორე ნახევარში ღრუბლიანობა მოიმატებს და დაახლოებით,17:00 საათიდან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.