საზოგადოება
აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
აბასთუმნის ტყეში ხანძრის უმნიშვნელო კერების დამუშავება-ლიკვიდირება 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, ხანძრის ღია კერები არ ფიქსირდება. ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ამბობენ, რომ აბასთუმნის ტყეში ცოცხალი ძალა სამუშაოებს მანამდე გააგრძელებს, ვიდრე არ დარწმუნდებიან, რომ ხანძრის წარმოქმნის საშიშროება აღარ იქნება. "საჰაერო ტექნიკის სამუშაო აღარ არის, მაგრამ ავიაცია ყოველი შემთხვევისთვის, ადგილზე რჩება“, - აცხადებენ სააგენტოში.

სამი დღის მანძილზე, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, დაცული ტერიტორიებისა და ეროვნული სატყეო სააგენტოების 1 000-ზე მეტი თანამშრომელი. ცეცხლის კერებს აქრობდნენ ადგილობრივებიც.

ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა ავიაცია: საქართველოს 2, აზერბაიჯანის 1 და თურქეთის 2 ვერტმფრენი, ასევე, უკრაინის სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავი.

ცეცხლის კერებამდე ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის მისაყვანად, 6 კილომეტრამდე სიგრძის გზა გაიჭრა.
| Print |