ბორჯომში, ნახანძრალი ტერიტორიების შესწავლას, ამერიკელი სპეციალისტები იწყებენ
ბორჯომის ხეობაში, ნახანძრალ ტერიტორიებს ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ამერიკელი სპეციალისტებიც შეისწავლიან.
შესაბამისი მიზნით საქართველოში აშშ-ის სატყეო სამსახურის ექსპერტები - ენდრიუ ბოუერი და დენა ბატლერი ჩამოვიდნენ.
”ეს ვიზიტი შესაძლოა ერთგვარად ჩაითვალოს აშშ-ის სატყეო დეპარტამენტის 2015 წელს დაწყებული სამუშაოების გაგრძელებად, რაც გულისხმობს საქართველოს მთავრობისთვის დახმარებას ტყეებში ხანძრების მართვის გეგმის შემუშავებაში. სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლები ველზე გავლენ და სხვადასხვა ასპექტებს შეისწავლიან, მათ შორის როგორიც არის ვეგეტაციის აღდგენა. ასევე დადებენ რეკომენდაციებს თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისთვის, რომ შემდგომში ბუნებრივი პროცესები აცილებული იქნეს თავიდან", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ.
” ექსპერტები ჩვენ თანამშრომლებთან ერთად ადგილზე შეისწავლიან ნახანძრალ ტერიტორიებს და მათი რეკომენდაციები და რჩევები ძალიან დაგვეხმარება სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვის დროს. ისინი იმუშავებენ იმ კომისიასთან ერთად, რომელიც შექმნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში. მათი რეკომენდაციები ეხება პირველადი, გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით ადგილზე ნიადაგდაცვით, წყალდაცვით ღონისძიებებს და შემდგომ უკვე ტყის აღდგენის ღონისძიებებს”, - განაცხადა საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ნათია იორდანიშვილმა.