საშუალო სიმძიმის ინფექცია საბავშვო ბაღების აღსაზრდელებში
21:25 / 18.09.2017
მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, კუჭ–ნაწლავის სისტემის პრობლემები – ამ ჩივილებით ბოლო ორიო დღეა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალს 30–მდე ბავშვმა მიმართა.
მათი ასაკი ძირითადად, 3–დან 5 წლამდე მერყეობს და თითქმის ყველა მათგანი ქალაქ ახალციხეში ცხოვრობს.
კლინიკაში ამბობენ, რომ ინფექცია საშუალო სიმძიმისაა და პაციენტების ნაწილი ამბულატორიული მკურნალობის შემდეგ, სახლში გაეწერა. ამჟამად სტაციონარში 14 ბავშვი რჩება.
ინფექციის მიზეზებს იკვლევს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი. ლაბორატორიული კვლევებისათვის პაციენტებს ანალიზები აუღეს. ქალაქის რამდენიმე ბაგა–ბაღში არაგეგმიური ინსპექტირება ჩაატარა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ. მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.