სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. 1993 წლის 16 სექტემბერს აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია სოჭის შეთანხმება
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად.
სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 27-ში ქალაქის დაცემით დასრულდა.
სწორედ ამ დღეს დახვრიტეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, სოხუმის მერი გურამ გაბისკირია
და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი.
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებას 20 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.
აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში იყო ომი საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ
ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის, რომელიც 13 თვეს გაგრძელდა. სეპარატისტთა მხარეს ასევე იბრძოდნენ
ადგილობრივი სომხები (ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი), დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან,
კაზაკთა შეიარაღებული მილიციის მეომრები, რომელთაც არაოფიციალურად მხარს უჭერდა
რუსეთის სამხედრო ბაზის გარნიზონი გუდაუთაში.
კონფლიქტის მოგვარების ხელისშემშლელი ფაქტორები იყო სამოქალაქო ომი ე. წ. „ზვიადისტებთან“
(ექს-პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან), რომელიც მიახლოებით იმავე პერიოდში განვითარდა დასავლეთ საქართველოში — სამეგრელოსა და აფხაზეთში და ქართულ-ოსური კონფლიქტი.
კონფლიქტის განმავლობაში ორივე მხარის მიერ ჩადენილი იქნა უამრავი სამხედრო დანაშაული, მათ შორის
ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა. მოკლული იქნა 2,500-დან 4,000-მდე აფხაზი, 20,000 აფხაზი კი ლტოლვილად იქცა.