ავარიული შენობა და სახიფათო კიბე – მაცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
20:08 / 29.11.2017
რუზანა მეიტარჯიანი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
ამბობს, რომ დახმარების სათხოვნელად მისული, ნოდარ ბალახაშვილმა უარით გამოისტუმრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამბობს, რომ შეთანხმების მიუხედავად, დღეს ზაზა მელიქიძესთან შეხვედრა ვერ მოახერხა, რის გამოც გასაუბრება ინფრასტრუქტურულ საკითხებში მერის მრჩეველთან მოუწია.
მეიტარჯიანი ირწმუნება, რომ საჯარო მოხელემ სამუშაო ოთახიდან გასვლა მოსთხოვა და განუცხადა, რომ წლევანდელ ბიუჯეტში მისი პრობლემის მოსაგვარებლად საჭირო თანხა არ არსებობდა, რასაც კატეგორიულად უარყოფს ნოდარ ბალახაშვილი.
სამი შვილის დედა ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას მესამე წელია ითხოვს. ამ პერიოდის განმავლობაში განცხადების დაწერა უკვე მესამე მერის სახელზე უწევს. სახლში, რომელიც გამრეკელის ქუჩაზე, ოთხ ნომერში მდებარეობს, სამი ოჯახი ცხოვრობს, აქედან ორს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მესამე კი სოციალურად დაუცველია.
მერიის ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის სპეციალისტებმა საცხოვრებლის მდგომარეობა ჯერ კიდევ 2016 წელს შეისწავლეს. ყოფილი მერის ვლადიმერ ზედგინიძის ხელმოწერით გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ შენობა ავარიულია, ხოლო კიბეებს სასწრაფოდ შეკეთება ესაჭიროება.
წერილიდან ირკვევა, რომ მერიას თანადაფინანსებით დახმარება, მხოლოდ ამხანაგობის შექმნის შემთხვევაში შეეძლო. მიუხედავად ამისა, რუზანა მეიტარჯიანს ზაზა მელიქიძის სახელზე განცხადების დაწერა დახმარების მოთხოვნით ისევ თავიდან უწევს.
მეიტარჯიანი ამბობს, რომ დახმარება პირველად ორი წლის წინ, ასევე ყოფილ მერს გიორგი კოპაძეს თხოვა. შენობა რომ ნამდვილად ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბალიტაციას საჭიროებდა, მის მიერ გაგზავნილ წერილშიც ჩანს.
ავარიულ შენობაში ყოველი წვიმის შემდეგ, სამივე ოჯახში წყალი ჩამოდის, კიბეებით სარგებლობა საშიშია და სამივე ოჯახი, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. ნინო ქურდაძე ერთ–ერთია მათ შორის, რომელიც ხელისუფლებისგან დახმარებას მესამე წელია ითხოვს. ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასწრაფო დახმარების გამოძახება ხშირად უწევს. ამბობს, რომ მედიკოსებმა მასთან მისვლაზე სახიფათო კიბის გამო რამდენჯერმე უარიც განაცხადეს.
ნოდარ ბალახაშვილი განმარტავს, რომ ავარიული საცხოვრებლის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა ირწმუნება, რომ მემკვიდრეობით მიღებული პრობლემის მოსაგვარებლად ისინი მომავალი წლიდან შესაბამის ზომებს მიიღებენ.
მერიაში განმარტავენ, რომ ავარიული სახლისა და რუზანა მეიტარნჯიანის მიერ აღწერილი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ქალაქის მერს.