აფეთქებიდან მეორე დღეს, დაკითხვიდან გამოსული ამბარცუმ ბაბოიანი, ,,მეცხრე არხთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ეჭვი ბევრი აქვს,
განიხილება სხვადასხვა ვერსია, თუმცა ვის შეიძლება მისი მანქანიდან დაახლოებით 40 სანტიმეტრში ,,გრანატა" დაეგდო, წარმოდგენაც არ აქვს.
,,მთავარია, რომ არავინ დაშავდა, თორემ ამით მე ვერ შემაშინებენ, სირცხვილი მაგათ, ვინც ეს გააკეთა. მე ის ადამიანი არ ვარ, რომ ვინმემ ,,ხლაპუშკით" შემაშინოს. მანქანის მარცხენა მხარეს, მინები სულ ჩამსხვრეულია, კარებზეც ნამსხვრევებია, მანქანა საჯარიმოზეა გადაყვანილი".
ახალციხის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ,,მმართველი პარტიიდან ბოლო პერიოდში გახშირებული კრიმინალური ფაქტების შესახებ ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ სამართალდამცველები ოპერატიულად მუშაობენ, შესაბამისად, იმედოვნებს, რომ დანაშაული დროულად გაიხსნება.
,,იმედი მაქვს, რომ გაიხსნება, ასე არ დარჩება.. მეც ჩავერთვები ჩემი ძალებით, რომ დროულად გაირკვეს ყველაფერი. სირცხვილია, რომ ბოლო პერიოდში რაც მოხდა ახალციხეში და ქვეყანაში, ვგულისხმობ აფეთქებებსა და მანქანების დაწვას, ჩვენი ქალაქია და ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს".
აფეთქება ახალციხეში, 2 დეკემბერს, სპორტსკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სპორტდარბაზში მყოფმა პირებმა ძლიერი აფეთქების ხმა გვიან ღამით გაიგეს. გარეთ გამოსულებს კი ორი მანქანის მინები ჩამსხვრეული, ავტომობილები კი დაზიანებული დახვდათ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი ავტომანქანა საკრებულოს დეპუტატს, "ქართული ოცნების" წევრ ამბარცუმ ბაბოიანს ეკუთვნის.
შსს-ში ამბობენ, რომ ექსპერტ-კრიმინალისტებმა შემთხვევის ადგილზე იმუშავეს. დანიშნულია ყველა საჭირო ექსპერტიზა. გამომძიებლები ასაფეთქებლის სახეობის დადგენას ცდილობენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის აფეთქებით დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევას ახალციხის რაიონული სამმართველო იძიებს.