საზოგადოება
მტკიცებულებების არარსებობა თუ დანაშაულის სიმძიმე – ინციდენტის ორი მხარე
"ჯინო ველნესის" დირექტორი, გამოძიების დასრულებამდე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. მეცხრე არხს კითხვები მასთან, რესტორანში მომხდარი

ინციდენტის დეტალებზე ჰქონდა. პირველ დეკემბერს, ახალგაზრდებსა და "ბრითიშ პეტროლიუმის" თანამშრომლებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც სამართალდამცველებმა ხუთი ახალგაზრდა დააკავეს.

მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ოთხ მათგანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეხუთეს 30 ათას ლარიანი გირაოს გადახდა 30 დღის ვადაში დააკისრა.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებები არასრულყოფილია და სიმართლეს არ შეესაბამება. ნუგზარ სამარჯიშვილი დარწმუნებულია, რომ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მტკიცებულებების არარსებობის გამო მათ წარდგენას ვერ შეძლებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239–ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ხულიგნობას ძალადობით ან ძალადობის მუქარით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4–დან 7 წლამდე.

ახალგაზრდებისთვის შეფარდებულ მუხლს არც ერთი ადვოკატი არ ეთანხმება. ნუგზარ სამარჯიშვილის მსგავსად ადვოკატი ეკა აბაშიძე დარწმუნებულია, რომ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც 25 იანვარს ჩაინიშნა, სამართალდამცველებს მუხლის გადაკვალიფიცირება მოუწევთ.

მთელი დღის ლოდინის შემდეგ, მეცხრე არხის ელექტრონულ ფოსტაზე პროკურატურისგან საღამოს რვა საათისთვის შემდეგი სახის შეტყობინება მოვიდა.

,,დანაშაულის სიმძიმიდან და დაკავებულ პირთა საზოგადოებისათვის საშიში ხასიათიდან გამომდინარე, პროკურატურამ მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა პატიმრობა, რაც გაზიარებულ იქნა სასამართლოს მიერ".


| Print |