სოფლის მეურნეობა
ნოდურალური დერმატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

ახალციხეში პირუტყვის ვირუსული დაავადება ივნისში გავრცელდა. ნოდერალური დერმატიტით ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის სოფლებში საქონელი დაინფიცირდა.

სპეციალისტების განმარტებით, დაავადების შემთხვევები სამცხე–ჯავახეთში პირველად დაფიქსირდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს ყველა იმ რეგიონში, სადაც დაავადების გამოვლენის რისკი არსებობს. ამ დროისათვის ვაქცინირებულია 350 000 მსხვილფეხა პირუტყვი.

ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა. 2018 წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამატებით, 300 000 დოზა ვაქცინის შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელდება.

დამატებითი ვაქცინის შესყიდვა მოსაზღვრე ქვეყნებსა და ქვეყნის შიგნით დღეისათვის არსებული ეპიზოოტიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით. მისი გადაცემა შესაძლებელია ასევე ცხოველიდან ცხოველზე, პირდაპირი კონტაქტის გზით.

ნოდულარული დერმატიტით ადამიანი არ ავადდება!

დაავადების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია ზოგადი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ, მსხვილფეხა პირუტყვის დამუშავება მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით, რაც საკმაოდ ეფექტიანია.

ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული პირუტყვის რძის და ხორცის გამოყენება შესაძლებელია ვაქცინაციიდან 7 დღის შემდეგ.

| Print |