სოფლის მეურნეობა
მესხი მეწარმეების გზა ევროპის ბაზრისკენ
მეწარმეები, რომელთა მიზანიც ევროპის ბაზარზე თავის დამკვიდრებაა, წარმოებაში დასავლური სტანდარტების დანერგვაზე წლებია მუშაობენ. ფერმერმა პროდუქტის მოყვანიდან რეალიზაციამდე თავისუფალი სავაჭრო სივრცის მოთხოვნები ზედმიწევნით ზუსტად უნდა გაითვალისწინოს და დასავლური კრიტერიუმები დააკმაყოფილოს.

გიორგი ნათენაძე წელიწადში საშუალოდ, 2 000 ბოთლ მესხურ ღვინოს ასხამს. ახალციხელ მეღვინეს წარმოებული პროდუქციის 80% ექსპორტზე გააქვს. ნათენაძეების ღვინის დაგემოვნება, აშშ-ში, იაპონიასა და ევროპის ხუთ ქვეყანაშია შესაძლებელი. რეალიზაცია საქართველოში არ უჭირს, თუმცა ამჯობინებს, რომ მესხური ღვინო მსოფლიოს გააცნოს. სამომავლოდ, გაზრდილი წარმოებისთვის, ევროპის ბაზარი რეალიზაციის სტაბილურ სივრცედ იქცევა.


"მარტივი არ არის მიაღწიო იმას, რომ ექსპორტზე გაიტანო ნაწარმი. ძალიან ბევრი წელი და შრომა დამჭირდა ამისთვის. დღევანდელი პოპულარობა და გაყიდვები არის იმის საფუძველი, რომ მომავალში მქონდეს ევროპის სტაბილური ბაზარი. მთავარია, სუფთა, ნატურალურ ღვინოს აკეთებდე, იცოდე მოვლა და ხარისხობრივი შენარჩუნება“, - ღვინის ექსპორტისთვის აუცილებელ პირობებზე აკეთებს აქცენტს მეღვინე გიორგი ნათენაძე.

ევროპის ბაზარზე გასასვლელად ემზადება კოოპერატივი „კოდი“. 11 მეფუტკრის შექმნილი გაერთიანება ალპურ თაფლს აწარმოებს. გიორგი მერაბიშვილი საზღვარგარეთ სხვადასხვა გამოფენებსა თუ ფესტივალებში იღებს მონაწილეობას. მესხი ფერმერების თქმით, მათი თაფლის ნიმუში გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნეს და შედეგიც დამაკმაყოფილებელია. კოოპერატივი ფუტკრის ნაწარმის გატანას ევროპის ბაზარზე დაახლოებით, ორ წელიწადში დაიწყებს.


„ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად ვემზადებით იმ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რომელსაც ევროკავშირი უყენებს ქართველ მეწარმეებს ევროპაში თაფლის გასატანად. ამ სავაჭრო ხელშეკრულების ამოქმედება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ფართო პერსპექტივას გვიქმნის ბიზნესის საკეთებლად. ევროკავშირის ბაზარი ყველაზე დიდი და სტაბილურია, რაც ჩვენ გვიბიძგებს დასავლეთისკენ“, - ამბობს კოოპერატივ „კოდის“ თავმჯდომარე გიორგი მერაბიშვილი.

ზურაბ სადათიერაშვილისთვის ევროპის ბაზარი, საქართველოს შორეული, თუმცა სამომავლო პერსპექტივაა. ფერმერი და სოფლის მეურნეობის სპეციალისტი ფიქრობს, რომ ქვეყანამ ჯერ შიდა მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს. სადათიერაშვილმა გასულ წელს ორ ჰექტარზე 90 ტონა სტაფილო მიიღო. ბოსტნეული ევროპის ბაზრის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. სტაფილო შენახვისას სპეციფიურ პირობებს საჭიროებს. სასაწყობე მეურნეობაში მაღალი ტენიანობა და დაბალი ტემპერატურაა საჭირო. იმის გამო, რომ ახალციხეში ამ პირობების შექმნა ვერ ხერხდება, ფერმერი ბოსტნეულს პირდაპირ მინდვრიდან ყიდის.


„გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მიმზიდველია ქვეყნისთვის, რადგან რუსული ბაზრისგან განსხვავებით არ ახასიათებს პოლიტიკური კონიუქტურა. არ დაგიკეტავენ ერთ დღეს და არ ჩაგაგდებენ უხერხულ მდგომარეობაში. ჩვენი მხრიდან წესების დაცვა იქნება აუცილებელი. პესტიციდების გამოყენება, დოზირება, ჯერადობა. მაგალითად, საქართველოში ჯერ კიდევ არის პესტიციდები, რომლებიც აკრძალულია ევროპაში. მცირე ფერმერისთვის არარეალურია ევროპის ბაზარზე მოხვედრა. უნდა მოხდეს გამსხვილება, კოოპერატივების შექმნა, რომ ერთგვაროვანი პროდუქცია დიდი რაოდენობით მივიღოთ“, - ამბობს ზურაბ სადათიერაშვილი.

ჯანმრთელი პროდუქტისთვის ევრპოკავშირის ბაზრის კარი ღიაა - ამბობენ სპეციალისტები. ამისთვის კი ქვეყანამ ჯერ ჭარბი მოსავლის მოყვანა და ინფრასტრუქტურის გამართვა უნდა შეძლოს. ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსის თქმით, კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართელოში ხილისა და ბოსტნეულის მოყვანას, სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლები პესტიციდი და სასუქი სჭირდება. სწორედ ამ ნიშნით შეუძლია დასავლეთის ბაზარზე საპატიო ადგილის დაკავება ქართულ პროდუქციას.

"ისეთი პროდუქცია უნდა ვაწარმოოთ, რომელშიც მეტს გადაიხდიან. ასეთი კი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია. ჩვენს მხარეში არავინ წამლავს ხილს და კურკოვნებს. მაგალითად ამას აქვს პერსპექტივა" - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

თავისუფალი სავაჭრო სივრცე ფერმერებისთვის მხოლოდ ახალ ბაზარს არ ნიშნავს. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი თამუნა კაპანაძე იმ სიკეთეებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ქვეყანა DCFTA-ის ფარგლებში მიიღებს.


"მე არ ვარ ფერმერი და დასავლეთის ბაზრის გახსნას არ ველი, მაგრამ მე ვარ საქართველოს რიგითი მოქალაქე, რომელმაც აქედან სარგებელი უნდა მიიღოს. ეს შეთანხმება ევროპული სტანდარტების მიღწევას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას, ქვეყნის მდგრად განვითარებასა და რესურსების რაციონალურად მართვას გულისხმობს", - ამბობს თამუნა კაპანაძე.

საქართველო შეემატა იმ ქვეყნების სიას, საიდანაც ევროკავშირში თაფლის, მატყლის და ზღვის თევზის პროდუქტის იმპორტი ნებადართულია. კიდევ ერთი სარგებელი, რასაც საქართველოს მოსახლეობა DCFTA-ზე ხელმოწერით მიიღებს ის არის, რომ ევროკავშირის სტანდარტები ქვეყნის შიდა სტანდარტები უნდა გახდეს.

“მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მას შესწევს ძალა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქცია გაიტანოს ევროკავშირის ბაზარზე, რისი დეფიციტიც იქ არის. გვაქვს საშუალება, რომ გავიტანოთ ბიო პროდუქტები. მაგალითად არამერქნული, ტყის პროდუქტი, დამუშავებისა და სერტიფიკაციის შედეგად, ავტომატურად ხდება ბიო პროდუქტი. სამცხე-ჯავახეთში ამდენი კენკრაა, სამკურნალო მცენარეები და ამხელა ტყის რესურსი. ეს ყველაფერი ძალიან მარტივად გადის ევროკავშირის ბაზარზე“, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის პრეზიდენტი კონსტანტინე ჟღენტი.

2018 წელს საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ პროდუქტის ექსპორტს 23% ახორციელებს, აქედან ევროპის ბაზარზე მხოლოდ 15% მოდის.


მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ჯერ კიდევ არსებობს ბარიერები, რაც მათ ევროკავშირის ბაზარზე შესვლაში ხელს უშლის. მიზეზებს შორისაა მცირე წარმოება, ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატის არქონა და ექსპორტის პროცედურების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა. ამის გამო, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად, პროექტების განხორციელება დაიწყო.

სამცხე-ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატ მესხთა კავშირმა" გასულ წელს რამდენიმეთვიანი საინფორმაციო კამპანია ჩაატარა.

"ოთხი შეხვედრა გაიმართა საჯარო მოხელეებთან, მცირე მეწარმეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან. ვმუშაობთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია რა არის DCFTA, რა სარგებლის მიღება შეუძლიათ ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ", - აცხადებს ნატო ინასარიძე.


ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს საქართველო თანდათან ასრულებს. როგორც სამოქალაქო სექტორში ამბობენ, სახელმწიფოს მზაობა არის, რომ კანონმდებლობა ეტაპობრივად დაიხვეწოს და დასავლურ სტანდარტებს დაუახლოვდეს. პროცესი წინ ნელა, თუმცა სტაბილურად მიიწევს. 
| Print |