სოფლის მეურნეობა
ახალციხის სოფლებში მთავარ პრობლემებს არჩევენ
ახალციხის სოფლებში დასახლებების საერთო კრებებს მართავენ. მოსახლეობამ ის პროექტი უნდა შეარჩიოს, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამიტ 2019 წელს განხორციელდება.


საყუნეთის ცენტრში 113 ადგილობრივი სოფლის მთავარი პრობლემის შესარჩევად შეიკრიბა. მოსახლეობას ისეთი პროექტი უნდა შეერჩია, რომლის განხორციელებასაც 16 000 ლარზე მეტი არ დასჭირდება.

საყუნეთში საერთო კრებამ ხმაურის ფონზე ჩაიარა. ადგილობრივებს რამდენიმე პრობლემიდან მხოლოდ ერთი, მცირებიუჯეტიანი უნდა შეერჩიათ. პროცესი მარტივი არ აღმოჩნდა. პროექტის შესარჩევად სოფლის ცენტრში 113 ადგილობრივი შეიკრიბა.

საყუნეთელებს პრიორიტეტების დასახელება არ გასჭირვებიათ. გაზიფიცირება, სარწყავი და სასმელი წყალი, ამორტიზებული გზა - სოფელში ამბობენ, რომ მოსაგვარებელი პრობლემები მათთან ბევრია.



ახალციხის მერმა საყუნეთელებს შეახსენა, რომ პროგრამით გათვალისწინებული თანხა ამ პრობლემების მოგვარებას ვერ გასწვდება.

„მესმის, რომ პირველი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა წყალი, მაგრამ ის თანხა, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამით არის გამოყოფილი, ამ საკითხის მოსაგვარებლად მცირეა“, - განაცხადა ზაზა მელიქიძემ.

გაზიფიცირება, სარწყავი წყალი, სასმელი წყალი - უფრო გლობალური პრობლემებია. ამიტომ მოსახლეობას დავპირიდით, რომ უახლოეს მომავალში, შეძლებისდაგვარად ეს საკითხები მოვაგვაროთ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით“,- აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, რომელიც საყუნეთში საერთო კრებას თვითმმართველობასთან ერთად დაესწრო.


საყუნეთის საერთო კრება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე

საბოლოოდ, საყუნეთელები და ხელისუფლება სოფელში გარე განათებისა და ცენტრალურ ქუჩაზე მილხიდის მოწყობაზე შეჯერდნენ.

საერთო კრება უკვე ჩატარდა გურკელში, წინუბანში, აგარასა და ზიკილიაში. გურკელსა და წინუბანში მოსახლეობამ გარე განათების მონტაჟი გადაწყვიტა, ხმათა უმრავლესობით სანიაღვრე არხი მოეწყობა ზიკილიაში, აგარაში კი სასმელი წყლის რეზერვუარის და შიდა ქსელის რეაბილიტაცია გადაწყდა.

კრებების გამართვამდე პრიორიტეტებს არჩევენ სოფლებში.

ახალგაზრდებს უნდათ სკვერში ტრენაჟორების დამონტაჟება, ვიღაცებმა გამოთქვეს სურვილი პარკი მოეწყოს. ვალის ქვედა ნაწილში ნაგავსაყრელად არის ქცეული ტერიტორია და მაგის მოწესრიგებასაც ვფიქრობთ“, - ამბობენ ვალეში.

„სოფელში სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს, განსაკუთრებით ზაფხულში. წყაროები შრება და დილა-საღამოს რამდენიმე საათით მოდის. მაგალითად, ჩემთან ისეთი წყალი მოდის, არ დაილევა. რეზერვუარია მოუვლელი, თორემ წყალი სათავეში კარგია. შიდა გზები იხრეშება, მაგრამ არაფერს შველის, ერთი წვიმა და ირეცხება “, - ამბობს აწყურელი ნუგზარ ქებაძე.



სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2009 წელს ამოქმედდა, თუმცა 2017 წელს შეწყდა. ორი წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პროექტი განაახლა და 2019 წლიდან თემი ისევ შეარჩევს.

"შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად კარგი იქნება მენეჯმენტი. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში სოფელია, ამ პროგრამით კი რაღაც დოზით პრიორიტეტი მიენიჭება. ეს არის საწყისი თანხა სახელმწიფოს მხრიდან, ნორმალური მენეჯმენტის შემთხვევაში, თუ დავინახავთ რომ პროექტი არის ეფექტური და ფულს ნორმალურად ითვისებს სოფელი, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ თანხის მოცულობის გაზრდაზე. 5-6 ათასი ლარი ვერ მოგვცემს საჭირო შედეგს"
, - ამბობს ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში მამუკა აბულაძე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ახალციხის 45 სოფელი და ქალაქი ვალე მონაწილეობს. დასახლებები დაფინანსებას მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით იღებენ. მუნიციპალიტეტების სოფლებს წელს ძირითადად 5, 6, 8 და 10 ათასი ლარი გამოეყო. ყველაზე მეტი - 20 000 ლარი შეხვდა ვალეს, აწყურს, წყრუთს, წყალთბილასა და სხვილისს. თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლება თანხების გაორმაგებას აპირებს.
| Print |