სოფლის მეურნეობა
უარი რუსულ თაფლს - რატომ ვერ შესთავაზეს მეფუტკრეებმა შსს-ს ქართული პროდუქტი
კომპანია, რომელსაც შსს-თვის თაფლი რუსეთიდან უნდა შემოეტანა, ტენდერიდან მოხსნეს. შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შპს "ვ.ტ."-მ სატენდერო პირობები ვერ დააკმაყოფილა.

„დაბალი ფასის შემოთავაზების მქონე კომპანიამ „ვ.ტ“ მოქმედი კანომდებლობისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნის შესაბამისად წარმოადგინა ნატურალური თაფლის ნიმუში. სატენდერო კომისიამ შეაფასა წარმოდგენილი ნიმუში. კომისიის გადაწყვეტილებით, პრეტენდენტს მიენიჭა დისკვალიფიკაცია. ვინაიდან, წარმოდგენილი ნიმუში არ აკმაყოფილებდა სატენდერო დოკუმენტაციითა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს,”-ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შესყიდვების სააგენტომ გაავრცელა.

მანამდე კი იმ ფაქტმა, რომ 1,024,800 ლარის ნაცვლად, ტენდერში მონაწილე ერთადერთი პრეტენხენტი ძალოვან უწყებას 73,200 კგ. რუსული თაფლით მოამარაგებდა, საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია.

„რუსეთის თაფლი რად გვინდა, ჩვენი თაფლი ვერ გაგვიყიდია. საქართველოში დაახლოებით, 30 000 ტონა თაფლი იწარმოება, ათობით ტონა თაფლი ჩაწოლილია და მთავრობამ რუსეთიდან შემოტანილი თაფლი უნდა იყიდოს? ეს არის უბედურება და დანაშაული სახელმწიფოს მხრიდან. მეფუტკრეთა კავშირს 600 -მდე წევრი ჰყავს, მე გაძლევთ პირობას, რომ ყველა წევრი აჯანყდება ამ საშინელი ფაქტის წინააღმდეგ“ , - განაცხადა "კომერსანტთან" მეფუტკრეთა კავშირის ხელმძღვანელმა რამაზ თავართქილაძემ.

სატენდერო დოკუმენტაცია მესხმა მეფუტკრეებმაც შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ შემსყიდველი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის N639 დადგენილებით განსაზღვრულ სტანდარტებს არ ითხოვდა, რომლის მიხედვითაც ქართულ ბაზარზე არსებული თაფლის შემადგენლობაში ანტიბიოტიკების არსებობა აკრძალულია.
თუმცა ადგილობრივი მეწარმის, გიორგი მერაბიშვილის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში კომპანიას უსაფრთხო პროდუქტის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა საბაჟოზე მოუწევს.

შსს-ს ტენდერს იმპორტირებული თაფლის იქით გზა რომ არ ჰქონდა, ამას კოოპერატივ "კოდის" წარმომადგენელი ასე ხსნის.

"საქართველოში თაფლის ეს ოდენობა პრობელმა არ არის, 500 ტონის მიწოდებაც შეგვიძლია, მაგრამ მთავარი პრობლემა სტანდარტებთან შესაბამისობაა.
ეს კანონმდებლობა ხელს რომ არ მიშლიდეს, მე მივიღებდი ამ ტენდერში მონაწილეობას და მთელი წლის განმავლობაში მივაწვდიდი უპრობლემოდ. მოვაგროვებდი კოოპერატივებისგან და მეფუტკრეებისგან. მაგრამ წინასწარ უნდა ვიცოდე, რომელ მეფუტკრეს როგორი თაფლი აქვს - სუფთა თუ ანტიბიოტიკებიანი. ამისთვის კი, თუ ერთ მეფუტკრეზე საშუალოდ ერთ ტონას ვიანგარიშებ, 150 ნიმუში უნდა გავაგზავნო ევროპაში, რადგან სტატისტიკის მიხედვით, დაახლოებით 50 •/• დაბინძურებულია. ეს კი წარმოუდგენელია, ამხელა კვლევა ევროპაში არის კოლოსალური თანხები და დროში გაწელილი პროცესი. ვერც ერთი ქართველი მეწარმე ამას ვერ გააკეთებდა. ამიტომ ვართ ასეთ სიტუაციაში - არ გვინდა რუსეთიდან შემოტანა, მაგრამ ჩვენც ვერ ვაწვდით.


ამ ფაქტორით ხსნის გიორგი მერაბიშვილი იმას, რომ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა პრეტენდენტმა მიიღო.

თუმცა რუსული თაფლი შეუცვლელი არ არის. მესხი მეფუტკრე ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სხვა გზას სთავაზობს.
"უკრაინაში უფრო იაფია, საბითუმო ფასი 1,5 დოლარია. მათი ნაწარმი ევროპაშიც გადის და მაღალ სტანდარტებსაც აკმაყოფილებს", - ამბობს მეწარმე.

ქართული რეალობის გათვალისწინებით, რუსული თაფლის შემოტანა არ უკვირს სოფლის მეურნეობის სპეციალისტს. ზურაბ სადათიერაშვილი თავადაც მეფუტკრეა. ამბობს, რომ მაღაზიაში რუსულ ნაწარმს არ ყიდულობს, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს ჩრდილოელი მეზობლის ნაწარმის პირველი შესყიდვა არ არის.
"იგივე სიტუაციაა სხვა სახელმწიფო შესყიდვებზე, მაგალითად ხორცი, ხორბალი. საწვავზე გამოცხადებულ ტენდერს "ლუკოილი" იგებს. ქართველ მეფუტკრეებს შეეძლოთ დამსხდარიყვნენ, მოელაპარაკებინათ და ერთიანი ძალებით მიეღოთ მონაწილეობა ამ ტენდერში. ცუდი არ არის, რომ ქართული იყიდებოდეს. სახელმწიფო ერთის მხრივ ეხმარება მეფუტკრეს ტექნიკით და საჭირო ინვენტარით, ბარემ ნაწარმიც მისგან შეისყიდოს და ბოლომდე გააძლიეროს", - ამბობს ზურაბ სადათიერაშვილი.

კონსოლიდირებული ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ 2018 წელის 18 დეკემბერს გამოცხადდა. შპს „ვ.ტ“-მ სახელმწიფოს ერთი კგ. თაფლის მიწოდება 14 ლარად შესთავაზა.
| Print |