სოფლის მეურნეობა
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი ორმაგდება
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი გაორმაგდება და უკვე მიმდინარე წელს, 20 მილიონის ნაცვლად, სხვადასხვა მცირე მასშტაბის პროექტზე, 40 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„უკვე ათასზე მეტი სოფლის კრება გაიმართა და გამოიკვეთა პროგრამის გაზრდის საჭიროება. ბიუჯეტის გაორმაგების შემდეგ, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლების საჭიროებებზე, დასახლებების ზომის მიხედვით, თითოეულ პროექტზე 10-დან 20 ათას ლარამდე გამოიყოფა“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

სოფლის კრებები პირველ მარტამდე გაგრძელდება და 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა.

საერთო კრებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით იმართება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია. პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და სხვა.

შერჩეული პროექტების თანადაფინანსება შესაძლებელია სხვა ფინანსური წყაროებიდან (საერთაშორისო ან დონორი ორგანიზაციებიდან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ან კანონით ნებადართული სხვა სახსრებით).

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
| Print |