სოფლის მეურნეობა
მესხური კარტოფილის ფასს ირანული დაარეგულირებს

 

ერთი კვირაა იაკობ ნადირაძე ახალციხის ბაზარში კარტოფილს გაორმაგებულ ფასად ჰყიდის. ბოსტნეულს გლეხისგან თავადაც ძვირად იძენს, თან მსხვილს ვეღარც შოულობს. გასაყიდი ფასი საშუალოდ 1.20 ლარი გამოდის. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ღირებულების ცვლილება რეგიონში მარაგის ამოიწურვამ და თურქეთიდან იმპორტის შეზღუდვამ გამოიწვია.

„მომხმარებლის რაოდენობა ძალიან შემცირდა. ადრე დღეში 2 ტომარას ვყიდდი, დღეს შეიძლება 10-15 კილო გავყიდო. იძახიან ძვირიაო, მაგრამ შაქარი და ზეთიც ხომ გაძვირდა?“, - გვეუბნება თენგიზ ვარდიძე, რომელსაც იაკობის მსგავსად, ბაზარში პროდუქცია სოფლიდან ჩააქვს.



სხვილისელმა მოვსეს მოვსისიანმა კარტოფილის დარჩენილი მარაგი ერთი თვის წინ 75 თეთრად გაყიდა. იჩქარა, იმიტომ, რომ ბოსტნეულის შესანახი სათავსო არ უვარგა. კარტოფილი ლპება და გადასაყრელი ხდება. ამ პრობლემის წინაშე გლეხების უმეტესობა დგას. ბოსტნეულის დასაწყობება განსაკუთრებულ პირობებში უნდა ხდებოდეს.

"დღეს იმპორტით არ შემოდის კარტოფილი, როგორც ვიცი, არც აზერბაიჯანიდან, ამიტომ იქმნება დეფიციტი და ახლა კარტოფილი ლარნახევარი ღირს“, - ამბობს მოვსეს მოვსისიანი.

ფერმერის მოსაზრებას ეთანხმება ახალციხეში სასოფლო საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი. გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ფასის ზრდა ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როცა ადგილზე მარაგი ილევა, ახალი კი ჯერ არ შემოსულა.
"იმპორტიორებმა ბაზარი ვერ დაარეგულირეს, ადგილზეც აღარაა, შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა და ეს ბუნებრივი მომენტია, არაფერი განსაკუთრებული“.

გურამ ჯინჭველაძის თქმით, კარტოფილის ფასის ზრდაზე გავლენა მეზობელ ქვეყნებში, თურქეთსა და სომხეთში მიღებულმა ცუდმა მოსავალმაც იქონია. მისი თქმით, ბოსტნეული პაკისტანიდან საქართველოში უკვე შემოსულია, იმპორტიორების გააქტიურება კი ფასს დაარეგულირებს.




თურქეთიდან, ეგვიპტიდან და ირანიდან დაგვიანებულ იმპორტს მიაწერს კარტოფილის გაძვირებას საწარმო „ფრეკოს“ დირექტორიც. ის იხსენებს, რომ შარშან ამ დროს ბოსტნეული 50 თეთრი ღირდა. წელს კი მარაგის ნაწილის მაღალ ფასად შეძენამ მათი პროდუქციაც 20-30%-ით გააძვირა. ,,ფრეკოს“ მენეჯერის თამაზ ქურდაძის თქმით, ქართული ბოსტნეულის აზერბაიჯანსა და სომხეთში ექსპორტმა ადგილობრივ ბაზარზე დეფიციტი შექმნა.

"ინფორმაცია მაქვს, რომ ირანიდან დიდი ოდენობით კარტოფილით დატვირთული მანქანა უკვე წამოსულია. ნავთლუღის ბაზარში შევა და სავარაუდოდ, ფასიც აქედან დარეგულირდება. მაგრამ ვფიქრობ, 80 თეთრზე ნაკლები არ ეღირება“, - ამბობს ირაკლი ქურდაძე.

მოვსეს მოვსეისიანმა ერთ ჰექტარზე კარტოფილი უკვე დათესა. მოსავლიანობის გაზრდის მიზნით, 120 კილოგრამიან ხელის ტრაქტორს 60 კილოგრამიანი გირები დაუმაგრა. თუ კარგი სეზონი იქნება, 3 ტონამდე ბოსტნეულს აიღებს. ნაწილს სათესლედ და საქონლის საკვებად გამოიყენებს, დანარჩენს კი გაყიდის. მოვსეს კარტოფილი ქალაქში არ მიაქვს, კლიენტები ქუთაისიდან და თბილისიდან სხვილისში აკითხავენ. შარშან კილოგრამის ფასი 40 თეთრი იყო, წელს რამდენი იქნება, ჯერ არ იცის.

,,ამას შეჩვეულები ვართ, თუ წელს ზარალი იქნება, მომავალ წელს გამიმართლებს და ასე“, - ამბობს მოვსე მოვსესიანი.

სხვილისელი ფერმერი მოვსეს მოვსისიანი

თუ კარგ ამინდებს დაიჭერს, სხვილისში კარტოფილის თესვას 20 აპრილამდე დაასრულებენ. მოსავალს სექტემბერში აიღებენ. მანამდე კი ყველაზე მოთხოვნადი ბოსტნეულის ფასს პაკისტანიდან, ირანიდან ან ეგვიპტიდან იმპორტირებული კარტოფილი დაარეგულირებს, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის ბაზარზე.
| Print |