სოფლის მეურნეობა
საქონელს ბრუცელოზზე ანალიზი სოფელ გურკელშიც აუღეს
სოფელ წინუბანში 133 სულ პირუტყვს სისხლის ანალიზი აუღეს, მათგან 28-ს დაავადება ბრუცელოზი აღმოაჩნდა.

ორი კვირის წინ საქონელს სისხლის ანალიზები თავად აუღო 77 წლის ომარ ლომსაძემ. ორივე ძროხას ბრუცელოზი აღმოაჩნდა, რის გამოც იძულებული გახდა საქონელი იაფად გაეყიდა. 

,,შარშანაც იყო, მაგრამ მასობრივად წელს გამოჩნდა. ვაქცინაც არ იყიდება, რომ საქონლის დაკვლა არ დაგვჭირდეს. სურსათის სააგენტომ მარტო სისხლის ანალიზები აიღო, სხვა არაფერი გაუკეთებია “ - ყვება სოფელ წინუბნის მაცხოვრებელი ომარ ლომსაძე.

წინუბნის შემდეგ პირუტყვს ამოწმებენ სოფელ გურკელშიც. დაავადების შესაძლო გავრცელების საფრთხის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მსხვილფეხა საქონელს სისხლის ნიმუშები ამ სოფელშიც აუღო. ადგილობრივი მოსახლეობა პასუხს რამდენიმე დღეში გაიგებს, თუმცა ამბობენ, რომ სოფელი სასიცოცხლო პრობლემის წინაშე დგას.

,,პასუხებს ველოდებით, ზუსტად როდის გვეტყვიან არ ვიცით. იმედია ჩემს საქონელს ბრუცელოზი არ აღმოაჩნდება. ღმერთმა არ ქნას, რომ ვინმესი იყოს დაავადებული“ - ამბობს სოფელ გურკელის მკვიდრი ილო მამლიკიძე. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ძირითადად რძისა და რძის პროდუქტების გაყიდვით ირჩენენ თავს.

იმ შემთხვევაში, თუ საქონელი დაავადებული აღმოჩნდება, მეპატრონემ უნდა დაკლას.

„თავი, ფეხები და შიგნეულობა უნდა დაწვათო, რადგან მისი გამოყენება არ შეიძლება. ხორცი კი მხოლოდ მოხარშული იჭმევა და არა შემწვარიო, ასე გაგვაფრთხილეს“ - ამბობს ილო მამლიკიძე. 

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ფატი ხაბულიანის თქმით, 2017-20018 წლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბრუცელოზის შემთხვევები ადამიანებში არ დაფიქსირებულა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქონლის აცრა 2015 წლიდან, ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება კი 2014 წლიდან დაიწყო.

| Print |