სოფლის მეურნეობა
რა ართულებს საგაზაფხულო სამუშაოებს მესხეთში?

სამცხე-ჯავხეთში საგაზაფხულო სამუშაოები სრულდება. რეგიონის კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ჯავახეთში ფერმერებმა მიწის დამუშვება დათქმულ აგროვადებზე ორი კვირით გვიან დაიწყეს. ადგილობრივი მოსახლეობა ტექნიკის სიმცირეზე, მოშლილ საირიგაციო სისტემებსა და სათესლე მასალის მაღალ ფასზე ჩივის.

 

ნიკო ვაჭარიძე ახალგაზრდა ფერმერია, რომელიც სოფლის მეურნეობაში პირველად ჩაება. ახალციხეში მცხოვრებმა მამაკაცმა 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ქალაქთან ახლოს, სოფელ ჭაჭარაქში იყიდა და კარტოფილი დათესა.

„ბარაქიან მოსავალს ველოდები. კარგი ჯიში შევარჩიე, კილოგრამ კარტოფილში 2 ლარამდე გადავიხადე. მოწეული მოსავლის რეალიზაციას ვაპირებ. წელს საცდელად დავთესე, თუ მოგებას ვნახავ, მომავალი წლისთვის უფრო მეტს დავთესავ, თუ არადა ამ საქმეს შევეშვები“, - გვიხსნის ახალბედა ფერმერი, რომელსაც საკუთარ ყანაში მაშინ შევხვდით, როცა ახალამოსულ კარტოფილს წამლავდა.

ნიკო ვაჭარიძის მსგავსად, ფერმერებმა კარტოფილის თესვა დაასრულეს ასპინძის სოფლებშიც. სოფელ რუსთავში მცხოვრები ვაჟა ძირკვაძე ერთ-ერთია, რომელიც 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე არა ბოსტნეულს, არამედ ბასლახს თესავს.

„სხვადასხვა ჯიშის ბალახი მომყავს. უფრო ხშირად, იონჯას და თივანას ვთესავ. საკუთარი მექანიზაცია მაქვს და დამოუკიდებლად ვაწარმოებ სამუშაოებს, თუმცა საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებული პრობლემები სოფელში ყოველთვის არის. დღეს გლეხი არავის აინტერესებს, ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან არ არის“, - გვეუბნება ფერმერი, რომელიც მხოლოდ მესაქნლეობას მისდევს.

ვაჟა ძირკვაძე ფიქრობს, რომ სოფლის მეუნრეობაში მის მიერ დასახელებული პრობლემების გარდა, ერთ-ერთი მთავარი გლეხის კვალიფიკაციაა.

„ხშირად გლეხს მოსავალი ცოდნის არ ქონის გამო ვერ მოჰყავს, ვფიქრობ მიწის სამუშაოებს არაკვალიფიციური ხალხი აწარმოებს“.

საგაზაფხულო სამუშაოები რეგიონში აგროკალენდრის მიხედვით, მარტში დაიწყო. ახლა ფერმერები სამცხეში თუ ჩითილების გამოყნას იწყებენ, ჯავახეთში კარტოფილის დათესვა ჯერ კიდევ არ დაუსრულებიათ. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამბობენ, რომ წელს საზღვარგარეთიდან ნაკლები ხარისხიანი სათესლე მასალა შემოვიდა. მთავარ მიზეზად კი ძვირადღირებულ ელიტურ თესლს და იაფად გაყიდულ მოსავალს ასახელებენ. ფერმერების პრობლემები ამით არ ამოწურულა. ჩითილების დარგვისას მთავარი გამოწვევა გამომშრალი მიწაა.

„მთელი აპრილი და მაისი, ფაქტიურად არ უწვიმია. არასაკმარისი ტენი ხელს უშლის აღმოცენებას, მითუმეტეს რომ წელს ზამთარიც თოვლის გარეშე გვქონდა. კარტოფილისთვის ტენი დიდი პრობლემა არაა, თუმცა მარცვლეულ კულტურას ძალიან აფერხებს. ჩითილების დარგვას სჭირდება წყლის უხვი რაოდენობა, სარწყავი სისტემები მოსაწესრიგებელია“, - ამბობს სოფლის მეურნეობის სპეციალისტი პავლე გიქოშვილი.

სარწყავი წყალი რომ ფერმერის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება, ამას არც ადგილობრივ ხელისუფლებაში უარყოფენ. ახალციხის მუნიციპალიტეტში 45 სოფელსა და ერთ ქალაქში, 11 სატუმბი სადგური ფუნქციონირებს.

თითო სადგურია ფარეხაში, წნისში, წყორძაში, საყუნეთში, აწყურში, ნაოხრებსა და წყალთბილაში. ორ-ორი კი ვალესა და სხვილისში. დანარჩენი სოფლები უკეთეს შემთხვევაში, თვითდინებით ირწყვება. ა(ა)იპ-ის „წყასლმომარაგება და წყალანირება“ დირექტორი ჯემალ გიორგაძე ამბობს, რომ ყველაზე მაღალი გადასახადი ფარეხის სადგურზეა, სადაც ერთი საათი 100 ლარი ღირს, წყლის განაწილება კი 5-6 ფერმერს შეუძლია. ყველაზე ნაკლები გადასახადის - საათში 28 ლარის გადახდა ფერმერებს ვალის სატუმბ სადგურზე მოუწევთ, წყალს კი მხოლოდ ორი კაცი გაინაწილებს.

„სატუმბ სადგურებზე მცირე კოსმეტიკური სამუშაოებია შესასრულებელი, მხოლოდ შეზეთვა. არხების გაწმენდა ახლა მიმდინარეობს“, - ამბობს ჯემალ გიორგაძე.

რეგიონში, დახნული მიწის ნაკვეთების რაოდენობა, გასულ წელთან შედარებით შემცირებულია. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინფორმაციით, თუ შარშან 41 000 ჰექტარი მიწა დაამუშავეს, წელს დაახლოებით, 32 700 ჰექტარია დახნული, აქედან ჯერ მხოლოდ 21 600 ჰექტარზეა დათესილი. სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე ამბობს, რომ რეალური სურათი თესვის დასრულების შემდეგ იქნება, როცა გასული წლის მონაცემებს შეადარებენ.

"ფერმერების მთავარი პრობლემა, როგორც ყოველთვის, წელსაც ტექნიკის ნაკლებობაა. განსაკუთრებით ჭირს მცირეგაბარიტიანი ტექნიკა. პრობლემები ჰქონდათ საწვავის და სათესლე მასალის სიძვირეზეც, რაც დაკავშირებულია ინფლაციასთან. სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია რამდენიმე სარწყავი სისტემის დაპროექტებაც, ვეძებთ ფინანსებს“, - ამბობს სამმართველოს უფროსის მოადგილე მამუკა თამარაძე, რომელიც ფერმერებს გაძვირებულ სამუშაოებთან გასამკლავებლად, სახელმწიფო შეღავათებსა და აგრო კრედიტებს სთავაზობს.

საგაზაფხულო სამუშაოები სავარაუდოდ, კიდევ ორი კვირა გაგრძელდება. ფერმერები კარტოფილის დათესვის, შეწამვლის და ჩითილების დარგვის შემდეგ, თოხნას დაიწყებენ. სოფლად მოსახლეობას განსაკუთრებით რწყვის სეზონი აშინებს.

 

| Print |