სოფლის მეურნეობა
არალში ხიდის მშენებლობა ისევ ვერ გრძელდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ადიგენის სოფელ არლის მოსახლეობას შორის შეთანხმება ამ დრომდე ვერ შედგა.

მხარეები მოლაპარაკებას რამდენიმე თვეა უშედეგოდ აწარმოებენ. მანამდე კი სოფლისა და ახალციხე-ადიგენის ცენტრალური გზის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა შეჩერებულია.


არალში მცხოვრები გლეხის ერთადერთ მიწის ნაკვეთზე, მალე საავტომობილო გზა გაივლის. 80 წლამდე ადგილობრივმა დაახლოებით, 600 კვ.მ. ფართობის ნახევარი, 3.30 ლარად დათმო. ოჯახის წევრების თქმით, მოხუც კაცს ხელი ისე მოაწერინეს, რომ ფასზე არ შეთანხმებულან.

„არ განუმარტეს რა დოკუმენტი იყო. უთქვამთ, მიწას რომ გვაძლევ ეგ დაგვიდასტურე ხელმოწერითო, თანხაზე საუბარი არ ყოფილა. 80 წლამდე კაცია და არ ჩაუხედავს რა ეწერა. რეალურად მიწის ღირებულება გვიან, მეზობლებისგან გავიგეთ. ახლა უარზეა, ამბობს ამ თანხაში არ მივცემო. ალბათ ცოტას დაუმატებენ და შეთანხმებიან. ცოდოა გლეხი. სახნავ-სათესი ეს მიწა ჰქონდა, სხვა ნაკვეთი არ აქვს. ოჯახს რჩენა ხომ უნდა“, - გვეუბნება დაზარალებული გლეხის ოჯახის წევრი.

დაბალი ფასის გამო, ხიდის მშენებლობისთვის მიწის დათმობაზე უარს სოფელ არლის კიდევ ერთი მაცხოვრებელი ამბობს. მისი თქმით, მხარეებს შორის რამდენიმე თვეა აღარც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„მშენებელი ბოლოს ორი თვის წინ შემეხმიანა, დაგირეკავ დეტალებზეო. არ გამოჩენილა ამ დრომდე. საავტომობილო გზების დეპარტამენტიდანაც არავინ შემხმიანებია, არც ჩამოსულან. ჩემს ნაკვეთში არ შევუშვებ და ეგ იქნება. კიდევ რამდენიმე ოჯახია ჩემსავით, ფასზე ვერ თანხმდებიან“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

„სოფელ აბასთუმანში და ვარხანში მიწის გამოსყიდვისას 12 ლარს უხდიან კვადრატულში, ჩვენ 3.30 გვთავაზობენ. იქ თუ ამდენს აძლევენ, ჩვენთან რატომ არის ასეთი დაბალი ფასი? ორივე სოფელი ხომ ერთი რაიონია“, - ამბობენ არალში.

საკითხში არ გარკვეულა თვითმმართველობა.

„ჩვენთან არავინ მოსულა, არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან“, - გვითხრეს სოფელში. ჩაერთვნენ თუ არა თვითმმართველობის წარმომადგენლები მოლაპარაკების გაჭიანურებულ პროცესში - მერის წარმომადგენელი ამბობს, ამ საკითხზე არაფერი იცის.

„არ ვფლობ ამ ეტაპზე ინფორმაციას, აზრზე არ ვარ“, - გვითხრა დავით აკოფაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

ხიდის მშენებლობა შარშან დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. პროექტს კომპანია "ჯორჯიან ბრიჯ ქონსთრაქშენი" ახორციელებს. სამუშაოების ხელმძღვანელი ჯერ კიდევ მარტში აცხადებდა, რომ ხიდის მშენებლობა დასრულებულია და მხოლოდ გზის ნაწილი იყო დარჩენილი. ჭოლა ვაშკიძე ამბობდა, რომ ვადამ აპრილის ბოლომდე გადაიწია და ამ პერიოდში მშენებლობა დასრულდებოდა, თუმცა ამ დრომდე სამუშაოები არც განახლებულა.
ხიდს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აშენებს. უწყებაში ამბობენ, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეულია.

„საწყის ეტაპზე იყო მიწის ფასთან დაკავშირებით პრობლემები, დღეის მდგომარეობით აღნიშნული მოგვარებულია. თუ მოლაპარაკება ვერ შედგა, გავაგრძელებთ კომუნიკაციას. ყველანაირად ვცდილობთ დავითანხმოთ ხელშეკრულების გაფორმებაზე“, - გვითხრა განსახლების სამსახურის უფროსმა მიხეილ უჯმაჯურიძემ ორი თვის წინ. ახლა კი ამბობენ, რომ მდგომარეობა იგივე ეტაპზეა.

„რამდენიმე მოქალაქესთან არის პრობლემა. ერთ შემთხვევაში თანამესაკუთრეა გარდაცვლილი, აქედან ექვსი თვე უნდა იყოს გასული, რომ სამემკვიდრეო გაიხსნას. ამ ვადის გასვლას ველოდებით, რათა მოხდეს ცვლილებების შეტანა საჯარო რეესტრის ბაზაში. მეორე შემთხვევაში, მესაკუთრის განცხადება აღიარების კომისიაშია და ველით პასუხს. დანარჩენებთან მიღწეულია შეთანხმება, პრობლემას არ ქმნიან“.

არლელების პროტესტზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ მიწის ფასს და მასზე განთავსებულ ხე-მცენარეებს და შენობა-ნაგებობებს, ტენდერში გამარჯვებული დამოუკიდებელი კომპანია ითვლის. ნაკვეთების გამოსყიდვას დეპარტამენტი მისი დასკვნის საფუძველზე იწყებს.
| Print |