სოფლის მეურნეობა
რატომ ითვლება დიეტურ საკვებად ყურძენი? (ვიდეო)
ყურძენი, როგორც ხილი, ძველთაგანვე ითვლება საუკეთესო დიეტურ და გემრიელ საკვებად. იგი ამავე დროს, სამკურნალო საშუალებასაც წარმოადგენს. მწიფე ყურძენი შაქრების გარდა შეიცავს სიმჟავეებს (ღვინის, ვაშლის, ლიმონის და სხვა) და მინერალურ ნივთიერებებს (კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას და სხვა). ფოსფორი და კალციუმი ზრდის სტიმულატორებია, რკინა - სისხლის გაახლებას და დაჟანგვის პროცესს უწყობს ხელს, ხოლო კალიუმი მავნე მჟავეების გამნეიტრალებელია; ყურძენში მოიპოვება აგრეთვე ვიტამინები.

უალკოჰოლო პროდუქციის სახეობებიდან აღსანიშნავია აგრეთვე ყურძნის შესქელებული წვენი ანუ ბადაგი, რომელიც თავისი ღირსებით და კვების უნარიანობით არ ჩამოუვარდება კარაქსა და თაფლს.

ყურძენი, როგორც სამკურნალო საშუალება, ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას, საჭმლის მონელებას და დადებითად მოქმედებს კუჭით, თირკმელებით და ფილტვებით დაავადებულებზე, აგრეთვე ნერვიულ და ბრონქიტიან ავადმყოფებზე.

მსგავსად ყურძნისა, პასტერიზებული ყურძნის წვენი, როგორც უალკოჰოლო პროდუქციის ერთ-ერთი სახეობა, დიეტურ საკვებად ითვლება. იგი განსაკუთრებით ხელს უწყობს მცირეწლოვან ბავშვთა ორგანიზმის გაძლიერებას და მის ნორმალურ განვითარებას, ორგანიზმს სიხალისეს მატებს და ხელს უწყობს საკვების მონელებას.

ხშირად მწიფე მტევანს (განსაკუთრებით, ხეივანზე) დაკრეფამდე საგრძნობლად აზიანებენ კრაზანები და სხვა მავნებელი მწერები, რომლებიც ყურძნის ფიზიკურ დაზიანებასთან ერთად, ხელს უწყობენ მომავალი ღვინის დაძმარებას და დაავადებას, რადგან გადააქვთ და ავრცელებენ ძმარმჟავა ბაქტერიებს. ამ არასასურველი პროცესის თავიდან ასაცილებლად ძალზე ეფექტურ ხერხს მიმართავენ: ხეივანზე, დაახლოებით, ყოველ 5 მეტრზე ჩამოკიდებენ ბურახით ნახევრად სავსე ბოთლებს. ბურახის სუნი მავნებლებს იზიდავს, ისინი ბოთლში ცვივიან და იხრჩობიან.

მოკრეფილი ყურძენი დაუყოვნებლივ უნდა გადამუშავდეს, ყურძნის დაყოვნება, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა, რეკომენდებული არაა. 

ყურძნის დიეტა

ამ დიეტის დაცვა სასურველია თქვენთვის მნიშვნელოვანი საღამოს ან დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე, რადგან შედეგი მყისიერია და დაიკლებთ 4 კილოგრამს:

პირველ დღეს 500 გრამი ყურძენი უნდა მიირთვათ, მეორე დღეს - 1,5 კილოგრამი, მესამე დღეს - 2 კილოგრამამდე. უმჯობესია, თუ თხელკანიან ყურძენს შეარჩევთ და წიპწებს არ მიირთმევთ.

სასურველია, ყურძნის დღიური ნორმა ისე გაანაწილოთ, რომ ყოველ ორ საათში თანაბარი რაოდენობით მიირთვათ. ყურძენი ბევრ სითხეს შეიცავს, ამიტომ დიეტის მეორე და მესამე დღეს სითხის მიღება შეამცირეთ - შეგიძლიათ ერთ ლიტრამდე ონკანის ან მინერალური წყალი დალიოთ.

გარდა ამისა, ყურძნისა და წითელი ღვინის ზომიერი მოხმარება არეგულირებს გულის მუშაობას და არტერიულ წნევას. ასევე კარგია კუჭის სიმაგრის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ქრონიკული ბრონქიტის, ცისტიტის, გასტრიტის, რევმატიზმის, თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებების დროს.
| Print |