როგორ ვებრძოლოთ გაუდაბნოებასა და მცირემოსავლიანობას
დონორი ორგანიზაციების დახმარებით, საქართველოში, ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროექტებზე მუშაობა დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და პარლამენტის აგრარული კომიტეტის ინიციატივით, შემუშავდა ქარსაფარი ზოლების მართვის პოლიტიკის დოკუმენტი და კანონპროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.
2018-2019 წლებში გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 6,5, ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში 6 კმ ქარსაფარი ზოლი გაშენდა. IFAD - ის დახმარებით კი, გორში 15 კმ-ზე, ხოლო ქარელში 10 კმ გაშენდა. 2020 წელს სამუშაოები ქარსაფარი ზოლის გაშენების მიზნით გაგრძელდება გორში, ქარელში, საგარეჯოსა და ყვარელის მუნიციპალიტეტში.
ქარსაფარი ზოლების ისტორია
ქარსაფარი ზოლების გაშენების ისტორია ასეულ წლებს ითვლის. 21-ე საუკუნეში კლიმატის გლობალური ცვლილების და გაუდაბნოების ფონზე, მათი არსებობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლები გვხვდება სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მიმდებარედ და მათი ძირითადი ფუნქცია, ქარის უარყოფითი გავლენისაგან ნიადაგისა და სავარგულის დაცვაა.
რა მნიშვნელობა აქვს ქარსაფარ ზოლებს?
ქარსაფარი ზოლები:
ამცირებს ქარის სიჩქარესა და ნიადაგის იცავს ქარისმიერი ეროზიისაგან.
ამცირებს მოსავლის დანაკარგს;
ქმნის საცხოვრებელს ბიომრავალფეროვნებისთვის;
ამცირებს ხმაურს;
იცავს გარემოს დამაბინძურებლებისაგან.
ქარსაფარი ზოლები საქართველოში:
საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ქარსაფარი ზოლები, თუმცა მათი უმრავლესობა 90-იან წლებში განადგურდა. მოსახლეობა ქარსაფარ ზოლებს ჭრიდა და გასათბობად იყენებდა.
დღეისათვის, ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ფერმერები ცეცხლს სასოფლო-სამეურნეო სავარგულის გასუფთავების მიზნით ანთებენ, შემდეგ კი მის მართვას ვეღარ ახერხებენ და ხანძარი ქარსაფარ ზოლსაც ანადგურებს.