სოფლის მეურნეობა
ქართული ღვინის სიძველე გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა აღიარა
გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნმა საკუთარ ვებ-გვერდზე განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც საქართველოში აღმოჩენილი ღვინო მსოფლიოს უძველეს ღვინოდ არის აღიარებული. ორგანიზაცია ოფიციალურად განმარტავს, რომ ღვინოს მსოფლიოში პირველად 8 000 წლის წინ სწორედ საქართველოში ამზადებდნენ.

“ღვინის წარმოშობის შესახებ ქიმიური ხასიათის მტკიცებულება, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 6000–5800 წლებით თარიღდება (ადრეული ნეოლითური ხანა), მიღებული იქნა თიხის ჭურჭლის ნარჩენებისგან, რომლებიც აღმოაჩინეს გადაჭრილის და შულავერის გორების მიდამოებში, თბილისიდან დაახლოებით 50 კილომეტრში. ნარჩენები ღვინის სტატუსით იქნა აღიარებული, რადგან მათში მეცნიერებმა იპოვეს ღვინის მჟავა, რომელიც დიდი მოცულობით გვხვდება შუა აღმოსავლეთის ევრაზიულ ყურძენში (Vitis vinifera) და ახასიათებს აღნიშნული ყურძნისგან დამზადებულ ღვინოს. ხოლო ევრაზიის ყურძენში აღმოჩენილი სხვა ორგანული (ვაშლის, ლიმნის და ქარვის) მჟავების აღმოჩენამ საბოლოოდ დაადასტურა ღვინის წარმოშობის სიძველე.


ღვინის ნარჩენები ამოიღეს დიდი მოცულობის თიხის ჭურჭლიდან, რომელიც, სავარაუდოდ, ყურძნის დუღილისთვის, ასევე დასაძველებლად და შესანახად გამოიყენებოდა. ამ აღმოჩენამდე, ქიმიურად გამოვლენილი ყველაზე ძველი ღვინო ჰაჯი ფირუზ ტეპიდან (ირანი), ძველი წელთაღრიცხვის 5400–5000 წლებით თარიღდებოდა. ახალი აღმოჩენა დაახლოებით 600–1000 წლით ადრე თარიღდება და მიანიშნებს, რომ დაახლოებით 8000 წლის წინ აქ უკვე არსებობდა ღვინის წარმოება და შესაძლოა, მევენახეობაც.

აღმოჩენა გაკეთდა პროფესორ პატრიკ მაკგვერნის მიერ, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის თანამშრომელი და კვლევის "საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიაში" წამყვანი ავტორია. პროფესორ პატრიკ მაკგვერნის კვლევა გამოქვეყნდა მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში "Proceedings of the National", 2017 წლის 13 ნოემბერს. აღნიშნულ კვლევაზე მუშაობდნენ ასევე მეცნიერები საქართველოს, საფრანგეთის, იტალიის, ისრაელის, კანადის, დანიის და ამერიკის შეერთებული შტატების სამეცნიერო დაწესებულებებიდან. მათ მონაწილეობა მიიღეს ერთობლივ სამუშაოში, რომლის სახელწოდება გახლდათ “სამეცნიერო პროექტი ქართული ყურძნისა და ღვინის კულტურის შესწავლისათვის”, – ნათქვამია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კვლევა, რომლის შესახებაც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის ვებ-გვერდზეა საუბარი ადასტურებს, რომ 8 000 წლის წინ პირველად სწორედ საქართველოში დაიწურა ღვინო და ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ღვინის სამშობლოს. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში აღნიშნული ფაქტის დაფიქსირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, უპირველეს ყოვლისა კი ქართული მეღვინეობის სიძველის შესახებ ინფორმაციის პოპულარიზაციის თვალსაზრისით.

წყარო: allwine.ge
| Print |