ახალციხის მუნიციპალიტეტში კარტოფილის მოსავლის აღება დასრულდა. თუმცა ფერმერები წელს კულტურის ნაკლებ მოსავლიანობაზე ჩივიან და ამბობენ, რომ რაოდენობის გარდა, კარტოფილი წელს არც ხარისხით გამოირჩევა. მოსავლის ნაწილი ამოღებამდე, ნაწილი კი ამოღების შემდეგ დალპა.
სოფელ ჭაჭარაქის მკვიდრი ჟუჟუნა ინასარიძე კარტოფილის სიდამპლის გარდა, მოსავლის სიმცირეზეც საუბრობს. ამბობს, რომ კულტურის სამი ჯიში, დაახლოებით, ერთ ჰექტრაზე დათესა. მიღებულმა მოსავალმა კი მხოლოდ სამი ტონა შეადგინა. ერთ კილო სათესლე მასალაში გაზაფხულზე, ფერმერმა ერთი ლარი გადაიხადა, დათესვის, მოვლისა და აღების ხარჯების გათვალისწინებით, მოსავალმა დახარჯული თანხა ვერ აანაზღაურა. ჟუჟუნა ინასარიძეს კულტურის რეალიზების იმედი არ აქვს, რადგან კარტოფილს წელს მხოლოდ ოჯახში საკვებად გამოიყენებს.
ჭაჭარაქელები ფიქრობენ, რომ მოსავლის სიმცირე უამინდობამ განაპირობა. გარდა ამისა, მათ ნათესები დროულად ვერ მორწყეს. იქიდან გამომდინარე რომ დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ჟუჟუნა იანსარიძემ ნათესების მორწყვა მხოლოდ ერთხელ შეძლო, შესაბამისად, მოსავალიც ნაკლები მიიღო.
ჟუჟუნა ისასარიძისგან განსხვავებით, ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის ნაკვეთზე ერთ ჰექტარზე 40 ტონა კარტოფილი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერებმა ნათესებს მოვლა არ დააკლეს, ისინი მაინც მოსავლის სიმცირეზე საუბრობენ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ორი ჰექტარზე ექვსი ტონა „არიზონა“ დათესეს. შემოდგომით მიღებულმა მოსავალმა კი 80 ტონა შეადგინა. სამსახურის სპეციალისტების თქმით, აღნიშნული ჯიში უხვმოსავლიანობით გამოირჩევა და ამიტომ, ორ ჰექტარზე 120 ტონა კარტოფილს ელოდებოდნენ. პავლე გიქოშვილის თქმით, მცირემოსავლიანობა ტემპერატურის სწრაფმა ცვლილებამ განაპირობა.
„სასოფლო–საკონსულტაციო სამსახური“–ს სპეციალისტის თქმით „არიზონას“ დათესვა, მორწყვა და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, ერთ ჰექტარზე, დაახლოებით, 17 000 ლარი ჯდება. პავლე გიქოშვილის თქმით, მოგება, დაახლოებით , 8 000 ლარამდეა. კონსულტანტი მიიჩნევს, რომ საქართველოში რეალიზაციის პრობლემა არ არის, რადგან ქვეყანა იმდენ მოსავალს ვერ აწარმოებს რასაც ბაზარი მოითხოვს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონულ სამმართველოში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს, სამცხე–ჯავახეთის მასშტაბით, აგრო კულტურების მოსავლიანობის სიმცირე რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთ–ერთ მიზეზად უხარისხო სათესლე მასალა სახელდება. სამმართველოს საპროგნოზო მაჩვენებლის თანახმად, 2014–2015 წლებს შორის ,სხვაობა დაახლოებით, 30 %–ია. სამმართველოში განმარტავენ, რომ თუკი ფერმერები აგრო–კონსულტაციებს გაითვალისწინებენ, კულტურებს სწორად მოუვლიან, წლის ბოლოს შედეგი მაღალი იქნება.
სამცხე–ჯავახეთს აქვს იმისი პოტენციალი, რომ ხარისხიანი კარტოფილი აწარმოოს და უხვი მოსავალი მიიღოს – აღნიშნული შეფასება გააკეთა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორმა. ლევან უჯმაჯურიძის თქმით, იმისათვის რომ აღნიშნული მეურნეობა განვითარდეს, სახელმწიფო რიგ ღონისძიებებს ახორციელებს.
ამ ეტაპზე კარტოფილის სარეალიზაციო ფასი, დაახლოებით, 70–დან 80 თეთრამდე მერყეობს. ექსპერტთა ნაწილი ღირებულების გაზრდას ვარაუდობს. იმისთვის, რომ ფერმერებმა აღნიშნული პრობლემები თავიდან აიცილონ, სპეციალისტები მათ ნიადაგის გამოკვლევას, ნაკვეთში შესაბამისი მინერალების შეტანას, დროულ გასარწყავიანებასა და აგრო კულტურების საჭირო შხამ–ქიმიკატებით წამლობას ურჩევენ.