სოფლის მეურნეობა
"აგრობარათს შევინახავ და მეორე წელს გამოვიყენებ" - რითი ეხმარება ხელისუფლება ფერმერებს
მთავრობის მიერ, სოფლის მეურნეობისთვის შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერებს ორი სახის დახმარებას სთავაზობენ - ერთია აგრობარათები, რომლითაც მათ შხამ-ქიმიკატების, სათესლე მასალებისა და ინვენტარის შეძენა შეუძლიათ. მეორე კი აგროდიზელი - მიწის ნაკვეთის მეპატრონეებს სახელმწიფო დიზელის შეღავათიან ფასად შეძენას სთავაზობს.

გენადი დუმბაძე დიზელის შესაძენად ასპინძიდან ახალციხეში ჩამოვიდა. ფერმერს სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სუბსიდიით სარგებლობა, მხოლოდ „სოკარში“ შეუძლია. ამბობს, რომ სხვა ბენზინგასამართ სადგურზე დიზელის ფასი 1.60 ლარია, სახელმწიფოს სუბსიდიის შემდეგ კი, „სოკარში“ ერთი ლიტრი საწვავის შეძენა 1.17 ლარად შეძლო.

„გლეხი კაცისთვის შეღავათია, დასახვნელად გამოვიყებებ, აბა სხვა რაში. ბენზინგასამართი სადგური სოფელში არ არის, გინდა-არ გინდა ქალაქში უნდა ჩამოხვიდე“.

გენადის მსგავსად, დიზელის შეღავათიან ფასში შესაძენად, ახალციხეში ჩამოსვლა მოუწიათ ფერმერებს ახალქალაქიდან. გამოთვლის შემდეგ გაარკვიეს, რომ სახელმწიფოს მიერ, ერთი ლარის სუბსიდიის შემდეგ, ერთ ლიტრ საწვავს დაახლოებით, 40 თეთრით იაფად იყიდიან, ვიდრე ეს სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეა.


დიზელის საწვავის შეღავათით სარგებლობა, მხოლოდ „სოკარშია“ შესაძლებელი. კომპანიას კი სამცხე-ჯავახეთში მხოლოდ სამი ბენზინგასამართი სადგური აქვს - ახალციხეში, ბორჯომსა და ბაკურიანში. ამიტომ ფერმერები იძულებულნი არიან, ხშირად 100 კილომეტრი გაიარონ, რომ სუბსიდიით ისარგებლონ, ეს კი, მათივე თქმით, ზოგ შემთხვევაში არ უღირთ. სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, პროგრამაში სხვა ბენზინგასამართი სადგურებიც რომ ჩართულიყვნენ, ფერმერები საკუთარ მუნიციპალიტეტშივე შეძლებდნენ საწვავის შეძენას. გურამ ჯინჭველაძე სუბსიდიის ვადებსაც იწუნებს.

„ძალიან სწრაფად დაიხარჯება ეს ფული და საწვავი. შეიძლება ფერმერებს შემოდგომამდეც არ მიჰყვეთ. ასეთი დახმარება ვერ გამოიწვევს კარდინალურ ცვლილებებს სოფლის მეურნეობაში და ფერმერს ვერ უზრუნველყოფს სრულად“, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

ფერმერს საწვავის მოხმარება სურვილისამებრ, არა მხოლოდ მიწის დამუშავებისთვის შეუძლია - ამბობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამსახურის უფროსი. ნანა ზუბაშვილის განმარტებით, კომპანია „სოკარი“ ტენდერით შეირჩა, ასევე გასათვალისწინებელია მისი ხარისხი.

„ნებისმიერ კომპანიას შეეძლო ტენდერში მონაწილეობის მიღება. ასევე, როცა გადავხედავთ საწვავის ხარისხს, წარმადობას, ხარჯს - ფაქტიურად, მომგებიანია“, - აცხადებს ნანა ზუბაშვილი.

აგროდიზელის გარდა, ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სახელმწიფომ ფერმერებს კიდევ ერთი პროგრამა შესთავაზა. ფერმერს, რომელიც 1 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ფლობს, 200 ლარის ღირებულების შხამ-ქიმიკატების, სათესლე მასალებისა და ინვენტარის შეძენა შეუძლია.

თენგიზ ჯანაშვილის აგრობარათზე 155 ქულა ირიცხება. ფერმერი შხამ-ქიმიკატების და სასუქის შეძენას აპირებს. მის საკუთრებაში 75 მეასედი მიწის ნაკვეთია. ფერმერს ვალეში ძირითადად, კომბოსტო მოჰყავს. თენგიზ ჯანაშვილს შენაძენის ნაწილის შენახვა მოუწევს, რადგან მათი გამოყენების აგროვადები დიდი ხნის წინ გავიდა. მის მსგავსად, ზაფხულში შეძენილი პესტიციდები შეინახა ან სოფლის მეურნეობის ინვენტარის შეძენა ამჯობინა ფერმერთა ნაწილმა.


აგრობარათებზე დარიცხული ქულების გადაცვლა, სამცხე-ჯავახეთის 17 აგრომაღაზიაშია შესაძლებელი, აქედან შვიდი ახალციხეში მდებარეობს.

„ერთი ქულა ერთი ლარია. როგორც წინა წლებში იყო შეზღუდვა, რომ მხოლოდ შხამ-ქიმიკატების გატანა შეეძლოთ, ეგრე აღარ არის. ნებისმიერი რამის ყიდვა შეუძლიათ, მაგრამ აქცენტს აკეთებენ მცენარის მოვლის საშუალებებზე, ტექნიკასა და ინვენტარზე“, - გვეუბნება აგრომაღაზიის კონსულტანტი მერი ენდელაძე.

სახელმწიფო პროგრამა რომელიც ფერმერების „პირდაპირ დახმარებას“ ითვალისწინებს, 2020 წლის 20 მაისიდან დაიწყო და აგრობარათების განაღდება წლის ბოლომდეა შესაძლებელი. სუბსიდიის მისაღებად საჭიროა პირს საკუთრებაში რეგისტრირებული ჰქონდეს მინიმუმ 2 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ფერმერს ერთ ჰექტარზე 200 ლარის შენაძენის გაკეთების საშუალება აქვს. პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარია.

„ახლა იყო შეწამვლის პერიოდი, შეეძლოთ ამისთვის გაენაღდებინათ. ახლა არის სარევბელების საწინააღმდეგო და შენახვისთვის საჭირო პრეპარატების გამოყენების დრო და შეუძლიათ რომ ისარგებლონ“, - ამბობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამსახურის უფროსი ნანა ზუბაშვილი.

პროგრამა მაისში ამოქმედდა, მაშინ როცა თესვის სეზონი დასრულებული იყო. სოფლის მეურნეობის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამის გამო, ფერმერები შენაძენის გაკეთებისას, შეზღუდულები არიან. ძირითადი მოთხოვნა, აგრომაღაზიებში სამეურნეო ინვენტრაზეა.

„ერთჯერად, მოკლევადიან ინექციას ჰგავს, რომელიც შეიძლება აუმჯობესებს ფერმერის მდგომარეობას, მაგრამ არა რადიკალურად. ადრე გაზაფხულზე რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა სათესლე მასალებზე გამოიყენებდნენ“, - ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აგრობარათების 70% უკვე განაღდებულია. 22 ივლისის მდგომარეობით, აგროდიზელის პროგრამით სამცხე-ჯავახეთში 4 602 ფერმერმა ისარგებლა (148 883 ლიტრი). სუბსიდიის გამოყენება მფლობელს 2021 წლის მაისამდე შეუძლია.
გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |