მეცხოველეობის განვითარება სამცხე-ჯავახეთში და მასთან დაკავშირებული პრობლემები. სოფლის მეურნეობის დარგში მომუშავე ადამიანები და ფერმერები მიიჩნევენ, რომ მეცხოველეობის განვითარების კუთხით რეგიონში პირობები შექმნილია, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს.
ბენარაში მცხოვრები გიორგი ჩილაშვილი მეცხოველეობას მისდევს. ამ ეტაპზე მას 40 სული შინაური პირუტყვი ჰყავს. მისი ოჯახი სასაქონლე მეურნეობით ათეული წლის წინ დაინტერესდა. საქონლის მოვლისათვის საკუთარ ფერმაში ახალი მეთოდები დანერგა, მიუხედავად ამისა, ფიქრობს, რომ რეგიონში მეცხოველეობის განვითრების კუთხით პრობლემები არსებობს და ფერმერს სახელმწიფოსგან მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.
სოფლის მეურნეობით დაინტერესებული ადამიანები ფიქრობენ, რომ სამცხე-ჯავახეთში, მეცხოველეობის განვითარებისთვის ყველა პირობა არსებობს. რეგიონი გამორჩეულია გეოგრაფიული მდებარეობით, კარგი საკვებითა და შესაბამისი კლიმატური პირობებით. თუმცა, პრობლემები მაინც არსებობს. ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის სპეციალისტი ამბობს, რომ ფერმერები ცხოველების სწორად კვებისა და დროული ვაქცინაციის თაობაზე ინფორმირებულები არ არიან. პავლე გიქოშვილის თქმით, პრობლემაა, საძოვრების კუთხითაც.
პრევენციის მიზნით, სახელმწიფო პროგრამით, ვაქცინაცია თურქულსა და ჯილეხზე ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ტარდება. დანარჩენ დაავადებაზე ფერმერებმა პირუტყვი საკუთარი ხარჯებით უნდა აცრან.
რეგიონში მეცხოველეობის განვითარების გზებზე საუბრობს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს დირექტორის მოადგილეც. მამუკა თამარაძის თქმით, მეცხოველეობის განვითარებისთვის ერთ–ერთი გზა კოოპერატივების ჩამოყალიბებაა. დარგის გაძლიერებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა დღეისათვის ამ კუთხითაა შესაძლებებლი. კოოპეტარიულ მეურნეობაში გაწევრიანებით, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი ჯიშები გამოიყვანონ, სუფთა პროდუქტი აწარმოონ და მისი რეალიზება უპრობლემოდ მოახდინონ.
სამცხე-ჯავახეთში მეცხოველეობა ყველაზე განვითარებული ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშია, რაც ექსპერტების თქმით, გეოგრაფიული მდებარეობით, კარგი კლიმატიური პირობებითა და ბუნებრივი საკვებით არის განპირობებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში 1 450 ფერმერია რეგისტრირებული, რომელთაც 20 ან მეტი საქონელი ჰყავთ მოშენებული. რეგიონში ამ დროისათვის 136 000 სული პირუტყვია.