სოფლის მეურნეობა
ფერმერები ,,მომავლის იმედად"
ფერმერებმა საგაზაფხულო სამუშაოები მცირე დანაზოგით დაიწყეს თუმცა შეძლებენ, თუ არა მიწის დამუშავებისთვის სამუშაო იარაღების შეძენას არ იციან. სოფლებში შიშობენ, რომ 2021 წელი შეიძლება იმაზე მძიმე იყოს, ვიდრე გასული წელიწადი. რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია მოყვანილი პროდუქტის გადაყრა წელსაც მოუწიოთ.

50 წლის შავლეგ ბიწაძე სოფელ ვალეში ცხოვრობს. ფერმერი პატარა მიწის ნაკვეთს ყოველ წელს ამუშავებს. მის დასამუშავებლად 500 ლარი სჭირდება. მოსავლის მოყვანაში მთელი ოჯახი მონაწილეობს.

„დიდი მიწის ნაკვეთი არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იმასაც ვეღარ დავამუშავებ ისე, როგორც აქამდე ვამუშავებდი. არც იმის საშუალება მაქვს, რომ კარგი სათესლე კარტოფილი ვიყიდო“, - ამბობს ფერმერი

სოფლის მეურნოება სიმონიანების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. პანდემიის გამო, მათი ოჯახიც ბიწაძეების მსგავსად დაზარალდა.

ჰექტრობით მიწის ნაკვეთი და ტონობით გადაყრილი პროდუქტი მათი რეალობაა. მიუხედავად ამისა, ზოია სიმონიანმა წელს მიწის დამუშავება ისევ დაიწყო. იმედოვნებს, რომ მოწეულ მოსავალს ამჯერად უკეთეს ფასში გაყიდის და პანდემიის გამო დაგროვებულ ვალებსაც გადაიხდის.

„ტონობით კარტოფილი გადავყარე, ნახევარი ჩვენ შევჭამეთ, ნახევარი კი საქონელს ვაჭამე. ვერსად გავდიოდით, რომ გაგვეყიდა. ახალციხეშიც ვერ ჩაიტანდი, აზრი არ ჰქონდა, კაპიკები ღირდა. რისთვის ვიწვალეთ და ვიმუშავეთ რომ გადაგვეყარა? ექვსი ადამიანიდან არც ერთი ვმუშაობთ, მხოლოდ მიწაზე ვართ დამოკიდებული. წლებია ასე ვცხოვრობთ, თუმცა სხვა გზა მაინც არ გვაქვს, წელსაც უნდა დავთესოთ “ - ამბობს ზოია სიმონიანი

სხვილისელ ფერმერს 2020 წელს გაზაფხულზე მიწის დამუშავება 6 000 ლარი დაუჯდა. წლის ბოლოს კი რომან პავლოვის ანგარიშზე 4 000 ლარის ზარალი და გადაყრილი მოსავალია. პანდემიამდე პროდუქტის რეალიზაციას ძირითადად, თბილისში ახერხებდა. სხვა ფერმერების მსგავსად, კოვიდ19 -მა ისიც მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო.

„კარტოფილი ძალიან იაფად, 50 თეთრად გავყიდე, მაშინ როცა 2019 წელს 1.20 ლარად ვყიდდი. კარგი მოსავალი მივიღე, მაგრამ სოფლიდან ვერსად გავიტანე, რის გამოც ნახევარი გამიფუჭდა. სოფელში მოსული კი მხოლოდ 50 თეთრს მთავაზობდა, გადაყრას ისევ დაბალ ფასში გაყიდვა ვარჩიე“


„ფერმერებს წელს საგაზაფხულო სამუშაოების წარმოება შარშანდელი მასშტაბით აღარ შეუძლიათ“ - ამბობს სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი. გურამ ჯინჭველაძე მიიჩნევს, რომ ფერმერებს პანდემიამ ძალიან შეუშალა ხელი და ის დახმარებები რაც იყო სახელმწიფოს მხრიდან იყო მხოლოდ მათთვის პატარა ინექცია.

„ფერმერებში ფულის დეფიციტი დაიწყო. პანდემიის გამო, მოსახლეობას პროდუქტის რეალიზაცია გაუჭირდა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, საადრეო
პროდუქცია ნორმალურ ფასში იყიდებოდა, მაგრამ სექტემბრის ბოლოს პრობლემები წარმოიშვა. თავიდან ხალხს ეგონა, რომ პანდემიის დროს ერთ-ერთი გამოსავალი სოფელში დაბრუნება და მიწის დამუშავება იყო. შარშან 10-15% -იანი მატება კი იყო, თუმცა წელს მგონია, რომ „ქალაქელი ფერმერები“ ისევ მიიჩქმალებიან და მიწაზე მუშაობას ისინი გააგრძელებენ, ვინც აქამდე სისტემატურად ამუშავებდა მას“,
- ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

ადგილობრივი ფერმერები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ითხოვენ. თავისმხრივ, ხელისუფლება ამტკიცებს, რომ პანდემიის პერიოდში, მათ სათანადოდ დაეხმარა, დიზელის საწვავზე 1 ლარით ნაკლები ფასით, 1ჰექტარ მიწაზე საქონლისა და ხვნის მომსახურებაზე გამოყოფილი 200 ლარით და ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული სხვა შეღავათით სამცხე-ჯავახეთში, 4 965-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. სამცხე-ჯავახეთში არსებულ ფერმერთა 1%-ც არ არის. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამსახურის უფროს ნანა ზუბაშვილს ამ ეტაპზე, უჭირს იმის თქმა, შემცირდა თუ გაიზარდა დათესილი მიწის ნაკვეთების რაოდენობა, რადგან კვლევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

,,რეგიონში არ არსებობს ფერმერი, რომელსაც დახმარებით არ უსარგებლია. ეს მხარდაჭერა რაც პანდემიის დროს ფერმერებისთვის გამოიყო, ყველამ გამოიყენა და მიწის დამუშავებისთვის საჭირო იარაღები შეიძინა. რეგიონში სააგენტოს მხრიდან სულ 88 პროექტი დაფინანსდა. პროექტები მოიცავდა ფერმების მშენებლობას ან მათთვის სხვადასხვა სახის დახმარების გაწევას. კარდაკარის პრინციპით კვირაში ორი დღე გავდივართ სოფლებში და ვატარებთ გამოკითხვას იმაზე, თუ რა უჭირთ ყველაზე მეტად ფერმერებს. ამ ეტაპზე გამოიკვეთა ახალი ტექნიკის სიმცირე. პრობლემების მოგვარება ჩვენი მთავარი მოვალეობაა" - გვეუბნება ნანა ზუბაშვილი. 

კოვიდ19-ის გავლენით ფერმერულ მეურნეობებში შექმნილ პრობლემებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციაც სწავლობს. პანდემიის პირველი ტალღის დროს მოკვლეული საკითხები: ფინანსების სიმწირე, საწარმოო საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, რეალიზაცია, ირიგაცია ასოციაციის მოკლევადიან გეგმაში აისახა და მთავრობას გაეგზავნა. სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე შემუშავდა სახელმწიფოს ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც სასოფლო - სამეურნეო საქონლისა და ხვნის მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას (1 ჰექტარზე 200 ლ) ითვალისწინებდა.

მომზადებულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა, და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

| Print |