სოფლის მეურნეობა
USAID-მა ახალქალაქში სამაცივრე მეურნეობა მოაწყო
USAID-მა ახალქალაქში სამაცივრე მეურნეობა მოაწყო. მის გახსნას USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერიც დაესწრო და პირადად გაეცნო, როგორ აძლიერებს კარტოფილის სექტორს USAID-ის მხარდაჭერით აპრობირებული ინოვაციები.

"ახალქალაქში ახალი სამაცივრე მეურნეობა საშუალებას აძლევს ფერმერებს დაასაწყობონ კარტოფილი და გაყიდონ პროდუქცია მაშინ, როცა მოთხოვნა ყველაზე დიდია. ახალციხეში ბატონმა პიტერმა ჩითილების გამოყვანის თანამედროვე ფერმა მოინახულა, სადაც იწარმოება მაღალი ხარისხის კარტოფილის ჩითილები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონისთვის. საერთაშორისო ხარისხის კარტოფილის თესლის და წარმოების ინოვაციური მეთოდების გამოყენებით USAID ხელს უწყობს კარტოფილის მწარმოებლებს გაზარდონ თავიანთი შემოსავლები,
" - განაცხადეს USAID-ის წარმომადგენლობაში.

საქართველოში კარტოფილისა და ბოსტნეულის წარმოება გაიზარდა. 2020 წელს კარტოფილის წარმოება 10.8 პროცენტით გაიზარდა და 215.7 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2020 წლის განმავლობაში წარმოებულია 180.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 11.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. გაზრდილია სიმინდის, კარტოფილის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები: კარტოფილის მოსავლიანონა 1 ჰექტარზე - 13.2 ტონა/ჰა, ბოსტნეულის - 11.3 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 15.2 ტონა/ჰა, კიტრის 13.3 ტონა/ჰა, ხახვის 7.6 ტონა/ჰა, ნივრის 3.1 ტონა/ჰა, თუმცა შემცირებულია კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობა და შეადგენს 26.2 ტონას ერთ ჰექტარზე.
| Print |