სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში კაკლის დეფიციტი შეიქმნება - ყინვის შედეგები რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში წუხანდელი ყინვის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან. სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ ადიგენის მუნიციპალიტეტში 98%-ით გაანადგურა კაკალი, კურკოვანი ხილი და ვენახი.

ნათესები და ხეხილი მოყინა ახალციხესა და ასპინძაშიც. ფერმერები ამბობენ, რომ არა მხოლოდ შემოსავალი დაკარგეს, არამედ ახლა ნარგავების გადარჩენას ცდილობენ.

შემოდგომიდან სამცხე-ჯავახეთში კაკლის დეფიციტი შეიქმნება და ნიგოზის ფასი მნიშვნელოვნად მოიმატებს - სოფლის მეურნეობის სპეციალისტების ნეგატიური პროგნოზი 11 მაისს, გამთენიისას დაფიქსირებულმა ყინვამ განაპირობა.

სამცხე-ჯავახეთში ხეხილი გასული წლის მაისშიც მოყინა, თუმცა მაშინ ზარალი გაცილებით ნაკლები იყო. სოფლის მეურნეობის განვიტარების საგენტოს ინფორმაციით, ფერმერებს ყინვისგან მიყენებულ ზარალს ვერც აგროდაზღვევა და ვერც სახელმწიფო აუნაზღაურებს. მთავარი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მაისის ყინვა ხეხილზე ფასების მატებას გამოიწვევს.

ყინვას გადაურჩა ჯავახეთი. ნინოწმინდასა და ახალქალაქში, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ბოსტნეული ჯერ არ დაუთესავთ.
| Print |