სოფლის მეურნეობა
ტოლოშის მოსახლეობამ სოფლის გზა გადაკეტა (ფოტოები)
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის მოსახლეობა მთაბარობისთის ჩამოსულ მწყემსებს სოფელში არ უშვებს. ადგილობრივებმა სოფლის შესასვლელთან გზა გადაკეტეს და ამბობენ, რომ ათასობით სულ ძროხასა და ცხვარს მათ სოფელზე არ გაატარებენ. ტოლოშელები ჩივიან, რომ კახეთიდან ჩამოყვანილი ფარები მათ სათიბებს ანადგურებენ. 

„სოფელში არ შემოვუშვებთ ამ ცხვარს, თუნდაც იმიტომ, რომ სოფელი ბინძურდება. მეორეც, მანდ სათიბები გვაქვს და მაგით ვირჩენთ თავს. კახეთიდან მოდის ცხვარი და თივას აღარ ტოვებს. ვიჩაგრებით ამ სოფლის მოსახლეობა“, - ამბობენ ტოლოშელები.

„არავინ აკონტროლებს, ზედ სათიბებზე გადაჰყავთ, განა არ იციან რომ აქ სათიბებია? შეგნებულად აკეთებენ. მერიისგან ვითხოვთ, რომ ალტერნატიული გზა გამოუძებნოს, ეს მუნიციპალიტეტის კომპეტენციაა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ჩემი და ჩემი მეგობრის სათიბებში ძროხები იყვნენ, გაანადგურეს. ამიტომ დღეს გზა გადავკეტეთ“.

მწყემსები ამბობენ, რომ უკან ვერ დაბრუნდებიან და იქამდე დარჩებიან, სანამ გზაზე არ გაატარებენ.

„საგარეჯოს რაიონიდან მოვდივარ, მივდივართ ასპინძის თავზე. 10 წელია ამ გზაზე დავდივართ და ახლა შეგვექმნა პრობლემა. ცხვარი დაგვეფანტა, არც ვიცით სათვალავი ზუსტად. პოლიციაა მოსული და გაარკვევენ ალბათ. საძოვრის ფული გადახდილი გვაქვს მთავრობაში, სექტემბრის ბოლომდე 20-25 ათასი. საბუთები ყველაფერი წესრიგში გვაქვს“, - გვითხრა მწყემსმა ალმასხან აივაზოვმა.

ადგილობრივებს ხვდება ასპინძის მერი. როსტომ მაგრაქველიძის თქმით, მწყემსებმა მათ უნდა წარუდგინონ ყველა საჭირო დოკუმენტაცია.

,,ჩვენ შევთანხმდით, რომ მწყემსები წარმოადგენენ დოკუმენტებს, ხოლო ადგილობრივებისგან შეიქმნება 4-5 კაციანი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც უზრუნველჰყოფს პირუტყვის გატარებას ისე, რომ ადგილობრივების ნაკვეთები და საძოვრები არ დაზიანდეს. 

როგორ განვითარდება მოვლენები, რაზე შეთანხმდებიან ტოლოშელები და მწყემსები - ადგილზე რჩება "მეცხრე არხის" ჯგუფი და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
| Print |