სოფლის მეურნეობა
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ადიგენში ფეიქრიშვილების მერძეულ ფერმას ეწვია

 

საქართველოში აშშ-ის ელჩი ადიგენის სოფელ არალში პეტრე ფეიქრიშვილის ფერმას ეწვია. კელი დეგნანი საქართველოში მესაქონლეობის სექტორში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს გაეცნო.

პეტრე ფეიქრიშვილი ადგილობრივი ჯიშის მერძეული მიმართულების საქონლის კომერციულ ფერმას ფლობს. საქმიანობა 15 წლის წინ დაიწყო. ამჟამად ფერმაში 50 სული მეწველი ძროხა და ამდენივე მოზარდია.

რძის მწარმოებელმა ფერმერმა მეურნეობის განვითარებისთვის თანადაფინანსება აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელეობაში“ ფარგლებში მოიპოვა. პროექტის მხრიდან გადაეცა 8 კუბიანი წარმადობის საკვებ დამრიგებელი, 4 რიგიანი სიმინდის სათესი და ჰერბიციდის შემასხურებელი აპარატი. საერთო ჯამში საგრანტო ინვესტიციამ 68 000 ლარი შეადგინა.

5-წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - საქართველო“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება.

| Print |