სოფლის მეურნეობა
სამცხე-ჯავახეთში ვენახების კადასტრის პროგრამა განხორციელდება
2022 წელს, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ვენახების კადასტრის პროგრამა განხორციელდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა უახლოეს მომავალში საქართველოს მევენახეობის ყველა რეგიონს მოიცავს.

14 აპრილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, პროგრამის მნიშვნელობით დაინტერესდა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას საკითხში გარკვევა სთხოვა.

"ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგეგმება სამცხე-ჯავახეთში არსებული ვენახების ეროვნული საკადასტრო რუკის შექმნა. მინდა გთხოვოთ, რომ ამის შესახებ მოგვცეთ უფრო მეტი ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ეს და როგორ აისახება ეს ჩვენს რეგიონში მევენახეობის განვითარებაზე"
- იკითხა ანტონ ობოლაშვილმა.

საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა რთველის პროცესის გამარტივებასა და გამჭვირვალედ ჩატარებას უზრუნველყოფს. ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციის და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის (ვენახში არსებულ ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას და ა.შ.) შეგროვებით იქმნება. ოთარ შამუგიას განმარტებით, პროგრამა ეხმარება სამინისტროს ჰქონდეს სრული სურათი მევენახეობის მდგომარეობაზე თითოეულ რეგიონში.

"შემდგომში ეს მონაცემები იქნება, რათქმაუნდა, განახლებადი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, წელს, მთლიანად დავასრულოთ ვენახების კადასტრი, შემდგომ წელს კი დასავლეთ საქართველოში, ანუ მოვიცვათ მთელი საქართველო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენთვის მიკვლევადი იყოს თითოეული ყურძნის ჯიში. ვიცოდეთ რა ფართობზე რა ვენახია გაშენებული, რა ჯიშია, ვინ არის მფლობელი და გვქონდეს დეტალური ინფორმაცია"
- განმარტა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვენახების კადასტრის პროგრამა 2014 წელს დაიწყო. შედეგად, კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში შეკრებილია ინფორმაცია 42 966 ჰა ვენახის, 35 336 მევენახის და 113 093 ნაკვეთის შესახებ. მოქმედი რეგულაციით, საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს.

| Print |