სოფლის მეურნეობა
ტყეში სკების განთავსება ფასიანი გახდა
სახელმწიფო ტყეში საფუტკრე მეურნეობის მოწყობის მიზნით, სკების განთავსება რეგულირების ჩარჩოში ექცევა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტვს, აღნიშნული ცვლილების ერთ-ერთი მიზანი დღემდე არსებული გაუმართავი პრაქტიკის დარეგულირებაა. ამასთან, ცვლილება ხელს შეუწყობს თაფლის მიკვლევადობას და მეფუტკრეებს საშუალებას მისცემს ექსპორტზე სერტიფიცირებული პროდუქცია გაიტანონ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, შემოვიდა სარგებლობის სახე - ფუტკრის დროებითი სადგომის მოწყობა. ტყის ახალი კოდექსიდან გამომდინარე, ტყის რესურსისა და ტყის მიწებით სარგებლობა კომერციული მიზნით ფასიანია, შესაბამისად, სარგებლობის ფასის დადგენა საჭირო გახდა. სარგებლობის საფასურად ერთ სკაზე 1 ლარი განისაზღვრა.

"როგორც მოგეხსენებათ, ტყის ახალი კოდექსი ძალაში შევიდა 2021 წლის 1 იანვარს, რამაც ტყითსარგებლობის ერთ-ერთ სახედ დაადგინა ფუტკრის მეურნეობის წარმოება. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს სიახლეს და უკვე ერთ წელზე მეტია განხილვის საგანია დარგობრივ სექტორში.დადგენილებაში კი, დაზუსტდა სარგებლობის წესები და პირობები, როგორც არამერქნულ ტყის რესურსზე (ისიც სიმბოლურ 1 ლარად)", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცვლილება საქართველოს მთავრობის ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ’’ N221 დებულებაში შევიდა.
| Print |