სოფლის მეურნეობა
ახალციხეში მესხური პურისა და ყველის დღე იმართება
ახალციხეში „პურისა და ყველის დღე“ იმართება. ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საკონსერვაციო მეურნეობაში - „მარცვლეულის კიდობანში“ მისულ სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქართული ხორბლისა და პარკოსნების ადგილობრივ სახეობებსა და ჯიშებს, მონაწილეობა მიიღონ წითელი დოლის და დიკას ხორბლისგან პურის ცხობისა და ტენილი ყველის დამზადების მასტერკლასებში, დააგემოვნონ ადგილზე გამომცხვარი პური, ძველი ქართული კულტურებისგან დამზადებული კერძები და ყველი.

ღონისძიება გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის - „სასოფლო-სამეურნეო სურსათის მწარმოებლებსა და ტურიზმის სექტორს შორის არსებული კავშირების გაუმჯობესების ხელშეწყობა“ ფარგლებში იმართება.

ღონისძიების მიზანია ადგილობრივი პროდუქტების - პურის, ხორბლისა და ყველის პოპულარიზაცია, რეგიონის აგრარული ბიომრავალფეროვნების პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა და ადგილობრივი ფერმერების ინიციატივების წარმოჩენა- წახალისება.


| Print |