სოფლის მეურნეობა
გაზრდილი თვითღირებულება და არასტაბილური ფასი – რა ელით მეკარტოფილეებს ჯავახეთში
ჯავახეთში, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის უმეტესობა თავს კარტოფილის მოყვანით ირჩენს, დაბალი ფასის გამო შესაძლოა რეალიზაციის პრობლემა შეიქმნას. ადგილობრივების თქმით, საწვავისა და ქიმიკატების გაზრდილი ფასის გამო კარტოფილის თვითღირებულება შარშანდელზე გაცილებით მეტი იქნება. არსებული ფასის შენარჩუნების შემთხვევაში კი ზარალი გარდაუვალია. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით კარტოფილის ფასი განახევრებულია. ჯავახეთში მოსავლის აღებამდე ორი თვეა დარჩენილი, სპეციალისტების პროგნოზით ფასების მომატება შემოდგომისთვის ნაკლებსავარაუდოა, ფერმერების უმეტესობას კი კარტოფილის გაზაფხულამდე შენახვის “ფუფუნება” არ აქვს.

ტურცხი ჯავახეთის მაღალმთიანი სოფელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სადაც სამეურნეო მიწების უმეტესობაზე კარტოფილი მოჰყავთ. აქაც, ისევე როგორც მთელ ჯავახეთში ახლა კარტოფილის მორწყვის სეზონია, მოსავლის აღებას კი სექტემბრის ბოლოს ვარაუდობენ.

68 წლის პეტრე აკოფიანი მცირემიწიანი ფერმერია, რომელსაც კარტოფილი რამდენიმე ნაკვეთზე უთესია. ერთ ჰექტრამდე ნათესიდან პეტრე დაახლოებით ოც ტონა მოსავალს ელოდება. ეს საშუალოზე ცოტა ნაკლებია, რადგან ის ნაკვეთების მხოლოდ 30%–ს მორწყვას ახერხებს.

,,კარტოფილის მორწყვა ძალიან ძვირი და რთულია ჩვენთან. სარწყავი არხები გვაქვს, მაგრამ სრულ ფართობს არ ჰყოფნის. თუ მორწყვა გინდა, გენერატორი უნდა ამუშაო, იმასაც ბევრი საწვავი უნდა. სოფელში ერთი ტბა გვაქვს და იქიდან ვქაჩავთ. ისიც მორწყვების სეზონზე თითქმის ყოველ წელს შრება. ყველას არ ჰყოფნის” – გვიყვება პეტრე და იხსენებს, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ამ პრობლემით ბევრჯერ მიმართეს, მაგრამ ამას ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია.

პეტრეს საკუთარი ტექნიკა არ ჰყავს, რის გამოც, ყველა სამუშაოზე მისი დაქირავება უწევს. საწვავის ფასის მატების პარალელურად ეს მომსახურებაც ყოველწლიურად ძვირდება.

,,ამის გარდა სასუქები, საწამლი საშუალებები.. იმდენი ხარჯია რომ მოთვლაც არ მინდა ხოლმე. შარშან მაგალითად, ერთი ჰექტრის სათესლე კარტოფილში 5000 ლარი გადავიხადე, ერთი მაგდენიც მოყვანა დამიჯდა. კარგი იყო შარშან. კარგი ფასი ჰქონდა, მაგრამ შარშანწინ გადაყრა მომიწია კარტოფილის. წელს რა იქნება, ვინ იცის?!” – კითხულობს ის.

ფერმერების თქმით, 1კგ კარტოფილის მოყვანა საშუალოდ 50 თეთრი ჯდება. თვითღირებულება შედარებით მცირეა თუ ფერმერს მიწების დასამუშავებლად ტექნიკის დაქირავება არ უწევს. ტურცხელები ამბობენ, რომ წელს კარტოფილის თვითღირებულება შეიძლება უფრო მეტიც იყოს. ასეთ პროგნოზებს ისინი საწვავის რეკორდულად გაზრდილი ფასის გამო აკეთებენ.

კარტოფილის მოყვანა გართულებულია მათთვისაც, ვისაც საკუთარი ტექნიკაც ჰყავს და კულტურას უფრო მეტ ფართობზე თესავს. მოვსეს ავეტისიანი სამუშაოების უმეტესობას საკუთარი ტექნიკით ასრულებს, მაგრამ ამბობს, რომ ამის მიუხედავად, კარტოფილს ყოველწლიურად უფრო ნაკლებ ფართობზე თესავს. მთავარ მიზეზად კი არასტაბილურ ფასს ასახელებს.

,,სარწყავი სისტემა გაუმართავია, საწვავი - ძვირი, სასუქები კიდევ უფრო ძვირი, ქიმიკატები, ხარჯი ყოველწლიურად იმატებს. 50/50 -ზეც არაა იმის შანსი, რომ კარტოფილის მოყვანით მოგება ნახო. შარშანწინ, მაგალითად, 50 თეთრად ძლივს გავყიდეთ. ბევრმა გადაყარა კიდეც. შარშან არაუშავდა, კარგი ფასი იყო, მაგრამ ბუნებამ გვიმტყუნა, გვიან შემოდგომაზე ვინც ამოყარა, ყველას გაეყინა კარტოფილი” – იხსენებს მოვსესი.

მოვსესის აზრით, შემოდგომაზე დაბალი ფასის შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი კარტოფილის გაზაფხულამდე შენახვაა, მაგრამ აქაური გლეხებისთვის ესეც დიდი რისკია.

,,როცა შემდგომაზე წესიერი ფასი არაა, ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ შეინახო და დაელოდო გაზაფხულზე მატებას, მაგრამ ეს მარტივი არაა, ჯერ იმიტომ, რომ ხარჯები გაქვს ბევრი, მუშებს უნდა გადაუხადო, ბანკის ვალი გაქვს, იმდენი ხარჯია კარტოფილზე მიბმული, რომელსაც გაზაფხულამდე არავინ დაგაცდის.. ამიტომ, სხვა არჩევანი არაა ხშირად. მაგრამ რომც შეინახო, არაა შესაბამისი პირობები. ისეთი საწყობი გინდა სადაც არ გაგიფუჭდება კარტოფილი, ამას კიდევ ბევრი ფული უნდა. ჩვენ პირობებში შენახული კარტოფილის 20 – 30% გაზაფხულამდე ფუჭდება, ფასის სხვაობა კიდევ არავინ იცის რა იქნება”.

40 წლის ფერმერი სოფელში სხვა კულტურების თესვის შესაძლებლობასაც განიხილავს, თუმცა თავადვე აღნიშნავს, რომ სარწყავი სისტემის გაუმართაობის პირობებში ამას აზრი არ აქვს. საძოვრების და სათიბების სიმცირის გამო მოსახლეობა ბევრ პირუტყვსაც ვერ ინახავს, ამიტომ ჯავახეთის სოფლებში მაღალია მიგრაციის მაჩვენებელიც. მოსახლეობა რომ სოფლებიდან დიდი რაოდენობით გაედინება, ამაზე დაკეტილი სახლების რაოდენობაც მეტყველებს. ადგილობრივების მტკიცებით, ბოლო წლებში სოფელი ათობით ოჯახმა დატოვა. ტურცხში 500–მდე სახლიდან ამ დროისთვის მხოლოდ 200–მდე ოჯახი ცხოვრობს მუდმივად.

სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის მოსავალს გვიან შემოდგომით იღებენ, მაშინ როცა სხვა რეგიონებში ეს საქმე უკვე დასრულებული აქვთ. წინა წლების მაგალითების მიხედვით, ამ პერიოდში ბაზარზე ჭარბი რაოდენობის პროდუქტია, რაც კარტოფილის დაბალ ფასს განაპირობებს.

ორგანიზაცია eastfruit– ის ანალიტიკური კვლევების მიხედვით ივლისის ბოლო კვირაში საქართველოში კარტოფილის ფასი მკვეთრად დაეცა და მინიმალურ ნიშნულს 0.60 თეთრს მიაღწია, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში 1 კილოგრამი კარტოფილის ფასი 1,30 ლარი იყო. სოფლის მეურნეობის სპეციალისტების აზრით, კარტოფილის ფასის არასტაბილურობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის პროდუქტის იმპორტ–ექსპორტი, რომლის სტატისტიკაც ასევე არასტაბილურ რიცხვებს გვაჩვენებს.

ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის 5 თვეში (იანვარ-მაისი) ქვეყანამ ექსპორტზე 20,047 ტონა (4,698 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილი გაიტანა, ხოლო 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში - 15,091 ტონა (5,163 მლნ აშშ დოლარი). როგორც მონაცემებიდან ჩანს, პროდუქტის ღირებულება მიმდინარე წელს, გასულ წელთან შედარებით, შემცირებულია.
რაც შეეხება იმპორტს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად 2022 წლის ხუთ თვეში საქართველომ 3,109 ტონა (1,881 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შეიძინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 6,524 ტონა (1,425 მლნ აშშ დოლარი). სტატისტიკის თანახმად, განახევრებული იმპორტი, საქართველოს უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე 2021 წლის ხუთ თვეში.

,,წინა წელს კარტოფილის ძალიან დიდი რაოდენობის ექსპორტი რუსეთში მოხდა. პრაქტიკულად ქვემო ქართლის და შიდა ქართლის კარტოფილის 90% რუსეთში იქნა ექსპორტირებული, ცოტა ჯავახეთიდანაც, ხოლო ოქტომბრის თვეში ეს აქტიურობა დამთავრდა, წელს პრაქტიკულად რუსეთის ბაზარი არ ჩანს, შესაბამისად ჩვენგან კარტოფილი არ გადის ექსპორტზე” – ამბობს მეცხრე არხთან სასოფლო–საკუნსულტაციო სამსახურის უფროსი გურამ ჯინჭველაძე და მიუთითებს, რომ ამ დროისთვის კარტოფილის საბითუმო ფასი 30 თეთრია, რაც თვითღირებულებაზე ბევრად ნაკლებია.

,,ფასი რომელიც დღეს ფიქსირდება, ამაზე ზემოთ ვერანაირად წავა, და თუ ნამდვილად ასე მოხდა ეს ალბათ სოციალურ რყევებსაც გამოიწვევს სექტემბრის ბოლოს, რადგან სამცხე–ჯავახეთში ძალიან ბევრი ოჯახის კეთილდღეობაა დამოკიდებული კარტოფილის გაყიდვაზე. შენახვით – გარკვეულ რაოდენობას შეინახავენ, ვინაიდან ჩვენი კარტოფილი მეტ-ნაკლებად უფრო კარგად ინახება, ასე თუ ისე სასაწყობე მეურნეობები გლეხებს აქვთ და ნელ-ნელა გაიყიდება. პრობლემა ის არის, რომ ფასის მომატების პროგნოზი გაზაფხულამდე არ არის” – ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

მისივე პროგნოზით სცენარის ასე განვითარების შემთხვევაში მომავალ წელს კარტოფილს თითქმის აღარავინ დათესავს და შედეგად მივიღებთ კიდევ უფრო არასტაბილურ ბაზარს. იგი გამოსავალს სახელმწიფოს მხრიდან უფრო ეფექტური ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში ხედავს.

,,ასეთ დროს სახელმწიფო უნდა ეცადოს, რომ გლეხი დაიცვას იმპორტული საქონელისგან. გამოსავალი ის არის, რომ მოსავალი უნდა იყოს მრავალფეროვანი და შენახვის შესაძლებლობას იძლეოდეს, მაგრამ საქართველოში გლეხებს ამის საშუალება ბანკის სესხების გამო არ ეძლევათ, რომელიც შემოდგომით აქვთ დასაფარი და ამას კარტოფილის რეალიზებით აპირებდნენ. გაძვირებულმა მუშახელმა, სასუქ-წამალთა მომატებულმა ფასებმა და ასევე ბენზინის სავალალოდ გაზრდილმა ფასმა, გლეხები იმ პრობლემებში გახვია, რომელიც ყველაზე ცუდი პროგნოზის საშუალებას იძლევა. მოსალოდნელია, რომ გლეხების უმეტესობა ფასის სიმცირის გამო მოსავალს აღარც ამოიღებს, უფრო დიდი ზარალის თავიდან აცილების მიზნით“ – ასეთია გურამ ჯინჭველაძის პროგნოზი არსებული დაბალი ფასის შენარჩუნების შემთხვევაში.

სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა ჰექტარზე 23-25 ტონაა. სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის ოფისის ხელმღვანელი, ნანა ზუბაშვილი ამბობს, რომ წელს რეგიონში მაღალი მოსავლიანობაა მოსალოდნელი. მას დამაიდებელი პროგნოზი აქვს კარტოფილის ფასთან დაკავშირებითაც.

,,იმის გათვალისწინებით რომ კარტოფილს ბაზარზე ახასიათებს ცვალებადი მოსავლიანობა და შესაბამისად ფასიც, შესაძლებელია ველოდოთ ღირებულების მომატებასაც. სამცხე–ჯავახეთში მოწეული კარტოფილი საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია. ბაზარზე წელს კარგ მოსავალს ველოდებით. წელს ერთ–ერთი გამოწვევა ფერმერებისთვის დაავადებები იყო, რაც ტენიანმა კლიმატმა განაპირობა. ჩვენ გვაქვს ე.წ. კლასტერული ჯგუფი, რომელშიც მსხვილი კარტოფილის მწარმოებლები არიან გაერთიანებული. სააგენტო კვირაში ორჯერ გადის რეგიონის სოფლებში. შესაბამისად, გლეხებს ინფორმაციას ვაწვდით ნიადაგის ანალიზიდან დაწყებული ყველა იმ პესტიციდებისა და შხამკიმიკატების შესახებ, რაც უნდა გამოიყენონ დაავადებების წინააღმდეგ” – აცხადებს ზუბაშვილი.

მისივე ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით წელს გაიზარდა კარტოფილის ნათესების ფართობიც და 18 875 ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წელზე თითქმის 1000 ჰა-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში კარტოფილის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი გასულ წელს დაფიქსირდა და 0,75 თეთრი შეადგინა. ყველაზე დაბალი კი 2016 წელს – 0,43 თეთრი. ჯავახეთში მცხოვრები ფერმერები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფო არ გააკონტროლებს ქვეყანაში კარტოფილის შემოტანის პროცესს და ფერმერების ხელშეწყობის პროგრამებს არ გააძლიერებს, სულ უფრო მეტი ადამიანი იტყვის უარს მიწის დამუშავებასა და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უარესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.

| Print |