სოფლის მეურნეობა
ბეჟანოს შემდეგ საქონლის დაავადება ნინოწმინდის სოფლებშიც დაფიქსირდა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს შემდეგ, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის დაავადება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟდანოვსა და სამებაშიც გავრცელდა.

ამ დროისთვის სამებაში, სავარაუდოდ პიროპლაზმოზით ძროხა ერთ ოჯახს მოუკვდა. ადგილობრივების თქმით, ამის შემდეგ, მოსახლეობამ შინაური ცხოველების აცრა დაიწყო. სამებაში ამბობენ, რომ ამ დრომდე აქ პიროპლაზმოზის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

როგორც სოფელ სამების მკვიდრი ამბობს, წინა დღეს შენიშნა, რომ ხარი ავად გახდა. წამალი იყიდა და აცრა გაუკეთა. ცხოველი მალევე გამოჯანმრთელდა.

“სულ 7 ძროხა მყავს, დაავადებული კი მხოლოდ ხარი იყო. მაგრამ დროულად შევნიშნე და ვუმკურნალე. სხვა შემთხვევა სოფელში არ დაფიქსირებულა.”

უკვე რამდენიმე დღეა, მსხვილფეხა პირუტყვი იხოცება სოფელ ჟდანოვშიც. ადგილობრივების თქმით, დაავადებას შემდეგი სიმპტომები ახლავს: სიცხე, ლორწოვანი გამონადენი, აჩქარებული გულისცემა. 

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ მკვდარი და ავადმყოფი ძროხებისგან აღებული სინჯები ლაბორატორიაში გამოსაკვლევად უკვე გადაგზავნილია და შედეგები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.

პიროპლაზმოზის მურნალობა სახელმწიფო პროგრამაში არ შედის. თვითონ მესაკუთრემ უნდა იზრუნოს პირუტყვის მკურნალობაზე.ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ხოლო თუ ძროხა უკვე ავად არის, მაშინ ვეტერინართან კონსულტაცია აუცილებელია.

პიროპლაზმოზი სეზონური საძოვრული დაავადებაა. ვლინდება გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე. 

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოში 20-მდე ძროხა მოკვდა. ლაბორატორიული კვლევებით, დაავადება პიროპლაზმოზი გამოიკვეთა.

წყარო: რადიო "ნორი"
| Print |